სოსო გოგაშვილის შვილის ნინო გოგაშვილის შეფასებით, სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, წინასწარ იყო დაწერილი და დღეს, ის ფორმალურად გამოაცხადა მოსამართლემ.
👉სოსო გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ნინო გოგაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ სოსო გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს შეხსენებაა იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც ხელისუფლების ოპონირებას გაბედავს, იგივე გზა ელის.
„ის, რომ მოსამართლე სათათბიროდ გავიდა ერთი საათით, იყო ფორმალობა. ეს იყო წინასწარ დაწერილი განაჩენი და რა თქმა უნდა, ხუთივე ბრალში ზუსტად იმიტომ ცნეს დამნაშავედ, რომ ამით კიდევ ერთხელ უთხრეს მამაჩემს და თანაგუნდელებს, რომ ვინც მათ გაუწევს წინააღმდეგობას, ზუსტად იგივე ელის, რაც სოსო გოგაშვილს გაუკეთეს, იგივენაირად დაისჯებიან, როგორც სოსო გოგაშვილი. ყველას, ვინც მათ გააკრიტიკებს, თანაგუნდელი იქნება თუ მოწინააღმდეგე, შეახსენეს, რომ მათ ზუსტად იგივე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჩვენს ოჯახს. 9 თვის განმავლობაში გვანადგურებენ, ჯანმრთელობას გვიზიანებენ და გვამწარებენ“, - აცხადებს ნინო გოგაშვილი.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 2022 წლის 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.