Digest Logo

ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

1726136385
ქეთევან ჯავახიშვილი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია და მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

„სასამართლოს ვერ დაუდასტურეთ, რომ ტანჯვა განიცადა. შესაძლოა, იმაზე მეტი ტანჯვა განიცადა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ვერ დაუდასტურეთ... მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ამასთან მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს...

ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა.

დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა...

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია... თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც სექსუალურ პარტნიორებს აქვთ“,- განაცხადა ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული და მისი ფსიქიკური მდგომარეობა სახარბიელო არაა.

„ბატონო მოსამართლევ, თხოვნა იქნება, ოთარ ცინდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნას ცნობილი, ის დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი 108-ე მუხლით“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ახალგაზრდა ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

მკვლელობის ბრალდებით ოთარ ცინდელიანი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით). ცინდელიანი პოლიციაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.