Digest Logo

სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არა დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო

1712818247
სახელმწიფო უსაფრთხოება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არა დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიიღეს ჯამში 1 789 440 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას, წვრილფეხა პირუტყვის შეძენას, ფერმების და სასაწყობე მეურნეობის აშენებას.

დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა თანხები გამოიყენეს არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო, დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადდა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორებმა შეადგინეს ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 227 748 ლარი, ხოლო, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 238 709 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

ამ ეტაპისათვის ანაზღაურებულია 179 442 ლარის ოდენობის ზიანი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული დარჩენილი ზიანის მობილიზების უზრუნველსაყოფად.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით - დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები“ - ნინო კვაჭანტირაძე

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ