Digest Logo

სასამართლომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმი და კიდევ ორი პირი დამნაშავედ ცნო

1688740302
მეგი ბაქრაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში.

ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ბექა ლიპარტელიანი კი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, 2021 წლის 18 მარტს ბაქრაძემ „ახალციხის კლინიკა იმედში“ ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა.

პროკურატურა ბრალდებულს ედავება ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-იდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.