Digest Logo

შინაგან საქმეთა სამინისტრო: მტკიცებულებების ერთობლიობით, კესო დეკანოსიძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი დასტურდება

1789209933
შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გამოიკითხა არაერთი მოწმე და დამუშავდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით.

კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა.

თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე
ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.