კაცი, რომელიც 3 ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდა, 3 დღეში განაჩენს ელოდება. ამერიკის მოქალაქე - 28 წლის ქეისი ვილკინსონი, 9 თვის წინ, თემქაზე დააკავეს.
ციხეში, ყოფილი მეუღლისა და 2 უცნობი ახალგაზრდის მკვლელობის მცდელობისთვის აღმოჩნდა. ქალს ქუჩაში სცემდა, შემთხვევით გამვლელებმა მსხვერპლის დახმარება სცადეს, რის შემდეგაც ვილკინსონმა მანქანა დაქოქა და გამოძიების მტკიცებით, სამივე მათგანს განზრახ დაეჯახა.
17 და 21 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ, ყოფილი ცოლი, შემთხვევით, გადარჩა. სწორედ ამ დროს, მოძალადემ მანქანიდან მაკრატელი ამოიღო და ქალის მოკვლა კიდევ ერთხელ სცადა. ხელი მოტეხილი ჰქონდა, თუმცა გიორგი მელაშვილმა მაინც შეძლო და შეიარაღებული კაცი შეაკავა.
ახლა ქალის ჩვენება ძალადაკარგულია - 9-თვიანი სასამართლო განხილვების დროს, ქალმა პოზიცია შეცვალა და მოსამართლეს წერილობითი თხოვნით მიმართა - მან ბრალდებულისთვის შეღავათები ითხოვა.
ქეისი ვილკინსონი განზრახ მკვლელობას რომ გეგმავდა, ამაში დარწმუნებულია დაზარალებული ახალგაზრდების ადვოკატი. მისი ინფორმაციით, ბრალდებულს არასოდეს უცდია დაშავებული ახალგაზრდების მდგომარეობის გაგება, რომლებიც შეჯახების შედეგებს ამ დრომდე მკურნალობენ.
მიუხედავად ყოფილი მეუღლის შეცვლილი პოზიციისა და ბრალდებულის შეზღუდული შერაცხადობისა, პროკურორი დარწმუნებულია, რომ ქეისი ვილკინსონი მძიმე სასჯელს თავს ვერ დააღწევს.
განაჩენი 3 დღეში, 1-ელ აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. წარდგენილი მუხლით, ამერიკის მოქალაქეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დეტალები იხილეთ გადაცემა კურიერი P.S.-ის სიუჟეტში:
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ახდება თუ არა სიმპსონების „წინასწარმეტყველება“ - ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი?
⭕ადიგენში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა