
პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების შენახვისა და დამზადების საქმეზე, იტალიაში დააკავეს 19 ქართველი ქალი, რომლებიც მომვლელად მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა Avvenire წერს, დაკავება არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რა დროსაც, 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ობიექტი შემოწმდა.
შედეგად, გამოვლინდა, რომ ყალბი დოკუმენტები საზღვარგარეთ მზადდება, შემდეგ კი, მსურველებს 600 ევროს სანაცვლოდ გადაეცემა.
„ოპერაცია სამართალდამცველებმა უდინეს პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად განახორციელეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ცნობით, ქართველ ქალებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეწერათ, რომ იყვნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, კერძოდ, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და ლიეტუვიდან.
„ამ გზით, მათ შრომის ბაზარზე თავისუფლად შეეძლოთ სააგენტოების დახმარებით მიეღოთ სამსახური. ისინი სარგებლობნენ მართვის უფლებით, საგადასახადო და სამედიცინო სერვისებით - როგორც ევროკავშირის მოქალაქეები, შემდეგ კი, გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა პროვინციაში, სადაც მარტივად შეეძლოთ სამსახურის პოვნა“, - წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, დაკავებები განხორციელდა ქალაქებში: უდინე, ვენეცია, ტურინი, ფლორენცია, ლეჩე და სხვა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა 36 ყალბი დოკუმენტი ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.