Digest Logo

11 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან: „დრო არ გვეყო...“ - როგორ აგრძელებს სიცოცხლეს ივლიტა ჯიბუტის სახელი

1781344646
მამა გიორგი

2015 წლის 13 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თარიღად დარჩება. ვერეს ხეობაში დატრიალებულმა სტიქიამ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო ივლიტა ჯიბუტიც, რომლის ტრაგიკულმა ისტორიამ მაშინ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

2023 წლის ინტერვიუში „გურია ნიუსთან“ ივლიტას მამა, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი იმ საბედისწერო ღამეს, პატრიარქთან შეხვედრასა და იმ იმედზე საუბრობს, რომელიც მის ოჯახში ახალი სიცოცხლის სახით დაბრუნდა.

„დაიჯესტი“ ამ სულის შემძვრელ ინტერვიუს დღეს, ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

სტიქიის ღამეს ივლიტა ჯიბუტი თავის მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად, უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებოდა. ყველაფერი წამებში შეიცვალა.

საბედისწერო ღამის ქრონიკა, მამა გიორგის მონათხრობი:

„ყველაფერი ერთ საათში დამთავრდა… დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე დამირეკა ჩემმა სიძემ, სახურავზე ვართო. პირველის 35 წუთზე უკვე ვიყავი ამ ფერდობზე. ჩამოვდიოდი და ივლიტამ დამირეკა, ჩქარა მამა, წყალი დიდდება და მალე მოდითო.

ცუდზე არც მიფიქრია. ვამხნევებდი: მოვდივართ, მაშველები მომყავს-მეთქი. 6 ბიჭი მიმყვებოდა, მაგრამ სანამ ჩამოვედი, სახლი უკვე წაიღო… 10 წუთით ადრე მისვლა რომ მოგვესწრო, მაშველები სამივეს აიყვანდნენ სახლის სახურავიდან. დრო არ გვეყო…“

ამ უდიდესი ტკივილის დროს, ჯიბუტების ოჯახისთვის მთავარ საყრდენად სულიერი ნუგეში იქცა. მამა გიორგი იხსენებს შეხვედრას სრულიად აწ გარდაცვლილ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან:

„პირველივე დღეს დაგვიბარა პატრიარქმა. რომ მივედით, ნუგეში გვცა, მოგვეფერა… პატრიარქთან ძლივს მივდიოდით, აქეთ რომ წამოვედით, მოვფრინავდით… არ უთქვამს პატრიარქს, რომ ივლიტას ცოცხალს იპოვითო, არც ის უთქვამს, მკვდარს ნახავთო. ყველას არ ეღირსება, პატრიარქი მის დასაფლავებაზე მივიდეს… ივლიტას ეს პატივი ერგო. ღირს ასეთი სიკვდილი, მე მგონი!“

ტრაგედიამ ჯიბუტების ოჯახი არ გატეხა. ივლიტას ხსოვნის უკვდავსაყოფად მამა გიორგიმ „ივლიტას სახელობის ფონდი“ დააფუძნა, რომელიც წლებია უამრავ ახალგაზრდას ეხმარება:

„ფონდი ყოველწლიურად აჯილდოებს იმ სკოლებისა და ჩოხატაურის სამრევლო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, სადაც ივლიტა სწავლობდა. არსებობს ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკა ჩოხატაურში, „გურია ნიუსის“ ოფისში მოწყობილი ბიბლიოთეკა ადგილობრივი ახალგაზრდების საყვარელ სივრცედ იქცა, სადაც ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსები იმართება და გამარჯვებულები ფულად პრიზებს იღებენ“.

ყველაზე დიდი სასწაული და იმედი ჯიბუტების ოჯახისთვის მაინც ახალი თაობა აღმოჩნდა. ტრაგედიის შემდეგ, ოჯახში ორი გოგონა მოევლინა სამყაროს, რომლებსაც დეიდისა და მამიდის სახელი დაარქვეს:

„2015 წლის შემდეგ ორი ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში. ჩემს შვილს, ლუკას შეეძინა ივლიტა. თეკლასაც გოგო შეეძინა და მანაც ივლიტა დაარქვა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი კიდევ, ვინც ივლიტა დაარქვა შვილს. ასე რომ, ივლიტას ხსოვნა გრძელდება და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამბობს მამა გიორგი.