ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა, 2026 წლის 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი სრულდება.
პოეტი, რომლის ლექსებმაც ქართულ სიტყვას განსაკუთრებული მუსიკალურობა, სიღრმე და ემოცია შესძინა, 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.
გალაკტიონ ტაბიძეს სიცოცხლეშივე უწოდეს „პოეტების მეფე“ და „გენიალური გალაკტიონი“. მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოცემულმა პირველმა კრებულმა „ლექსები“, ხოლო განსაკუთრებით 1919 წელს გამოქვეყნებულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.
მისი შემოქმედების გამორჩეული ნიმუშებია „მთაწმინდის მთვარე“, „ლურჯა ცხენები“, „მერი“, „მე და ღამე“, „უსიყვარულოდ“, „მზეო თიბათვისა“ და „ნიკორწმინდა“. გალაკტიონის პოეზია გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალურობით, დახვეწილი რიტმითა და პოეტური სახეების მრავალფეროვნებით.
გალაკტიონი ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. 1933 წელს მას საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა, 1944 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა. მისი ლექსები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

„პოეტების მეფემ“ სიცოცხლე 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა.
მიუხედავად ასეთი აღსასრულისა, უდიდესი პოეტის გარდაცვალება ხალხს არ აღუქვამს ტრაგედიად. ამის მიზეზი თავად გარდაცვლილი იყო. უფრო ზუსტად მისი სიდიადე და ძალმოსილება. ვერავის წარმოედგინა და ვერც ვერვინ ბედავდა "ლურჯა ცხენების" ავტორის მიერ გადადგმული ნაბიჯის ჩვეულებრივი, მიწიერი საზომით განსჯას.
თვითმხილველები ჰყვებიან, - კუბოში მწოლიარე თავისი ნამდვილი სახით წარმოგვიდგაო. რაღაც, საოცრად დიდებულად, მეფურად გამოიყურებოდა თურმე.

გალაკტიონ ტაბიძის სახელი და შემოქმედება ქართული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი ლექსები დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველთა ახალი თაობებისთვისაც ისეთივე ახლობელი და ემოციურია, როგორც ათწლეულების წინ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!
⭕კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით