Digest Logo

🎥 „1995 წელს პაციენტს მოჰქონდა საჭმელი, მედიკამენტი და ხელფასსაც პაციენტი გიხდიდა“ - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის ცენტრის გავლილ გზასა და პროფესიულ გამოწვევებზე

1792666098
გუგა ქაშიბაძე

ცნობილი ექიმი და დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როდესაც მედიცინაში მოღვაწეობა 1990-იან წლებში, ურთულესი სოციალური და ეკონომიკური ფონის პირობებში დაიწყო.

როგორც ექიმი ეკა ხოფერიას პოდკასტში აღნიშნავს, მისთვის პროფესიაში პირველი ნაბიჯები და ახალგაზრდული შემართება უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა რეალობა, რომელსაც კლინიკებში შეხვდა, წარმოუდგენლად რთული გახლდათ:

„1995 წელს, როცა დავიწყე დამწვრობის ცენტრში სამუშაო დღე, პაციენტს მოჰქონდა საჭმელი, მედიკამენტი და ხელფასსაც პაციენტი გიხდიდა. არც გათბობა იყო და ძალიან ისეთ სერიოზულ პირობებში უხდებოდათ პაციენტებს ამ მკურნალობის პროცესის გავლა, რომელიც ისედაც რთულია. მახსოვს ჩაბნელებული პალატები, ჩაბნელებული საოპერაციო, ჩაბნელებული მიმღები, სანთლის სინათლე...“

ქაშიბაძე თავისი პროფესიული გზის დასაწყისს, მასწავლებელ ბესიკ იაშვილთან ურთიერთობასა და იმ ემოციებს იხსენებს, რაც ექიმის პროფესიას ახლავს თან.

როგორც გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, ექიმობა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა - მიუხედავად იმისა, რომ დედა ბაქტერიოლოგი იყო და ბავშვობა ლაბორატორიაში სპეციფიკური სუნების გარემოცვაში გაატარა.

„დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ჩვენთან აღარ არის, ჩემს თავში ვამბობ ხოლმე: მოიცა, ამას ბესიკოს ვკითხავ... მავიწყდება კიდევაც, რომ ცოცხალი არ არის. უდიდესი გამოცდილების მქონე ნოვატორი იყო - ყველაზე ასაკიანი ჩვენ შორის, თუმცა ყველაზე სწრაფად და სწორად იგებდა სიახლის გემოსა და მნიშვნელობას“,- აღნიშნავს ექიმი.

დამწვრობის ცენტრში მუშაობის პირველივე დღეებიდან გუგა ქაშიბაძემ იგრძნო, რომ საკუთარი ადგილი იპოვა. მისი თქმით, ეს პროფესია მისთვის აზარტთან, გამარჯვებებთან და ნამდვილ თავგადასავალთან ასოცირდება:

„მახსოვს პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია, როდესაც დერმატომით კანი ავიღე... ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! არ მინდოდა შემტყობოდა, მაგრამ ისეთი აღტაცებული ვიყავი, მთელი ღამე არ მეძინა არც ოპერაციის წინ და არც ოპერაციის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჯადოქრობას ჰგავდა ყველაფერი - ეს იყო საკმაოდ სერიოზული თავგადასავალი“,- იხსენებს მედიკოსი.

ინტერვიუს ბოლოსკენ ექიმი გუგა ქაშიბაძე საუბრობს იმ მორალურ სტანდარტებზე, რომლებიც ექიმის პროფესიას ახლავს.

„სულ მახსენდება ბესიკოს ნათქვამი სიტყვები: „გუგა, ისე მოიქეცი, რომ ხალათის გარეშეც გეტყობოდეს, რომ ექიმი ხარო“. ეს არის ყველაზე რთული, ცხოვრებაშიც ისე მოიქცე, როცა ხალათი არ გაცვია, რომ გვერდიდან გაგრძნობინონ, რომ შენი მუნდირი გაცვია. ეს მუნდირი შედგება ღირსებისგან, საქციელისგან და უთქმელი მზაობისგან, რომ ყოველთვის დაეხმარო ადამიანს“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕