Digest Logo

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

1685045013
საქართველოს დროშა

1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.

ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება ამცნო.

ამავე სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს პირველი, ყველა ძირითადი ქართული პარტიების წარმომადგენლებისგან შექმნილი კოალიციური მთავრობა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ.

საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო იმ დროისთვის თითქმის ყველა წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ. რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ დაკარგა.

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის კითხვა იყო: „ხართ თუ არა თანახმა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? “
დამოუკიდებლობის აღდგენას ქვეყნის მოსახლეობის 98%-მა დაუჭირა მხარი და 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1991 წლის 26 მაისს, საყოველთაო სახალხო-საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია ქვეყნის მოსახლეობის 86,52% აირჩია.