Digest Logo

🎥 28 აგვისტოს მთვარის დაბნელება თევზებში - ასტროლოგ თამარ აქუბარდიას პროგნოზი და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1787642160
თამარ აქუბარდია

28 აგვისტოს თევზების ზოდიაქოში 5-6 გრადუსზე მთვარის დაბნელებაა იქნება. ასტროლოგ თამარ აქუბარდიას განმარტებით, აღნიშნული მოვლენა ორი კვირის წინ ლომის ნიშანში მომხდარი მზის დაბნელების ციკლს ასრულებს. თუ მზის დაბნელებამ ინდივიდუალიზმი, ეგო და ახალი დასაწყისები გაააქტიურა, მთვარის დაბნელება თევზებში ემოციურ დასასრულებთან, წარსულისა და არაცნობიერი შიშების გაშვებასთან არის კავშირში.

ასტროლოგი აღნიშნავს, რომ დაბნელებისას ამოტივტივდება ის დაფარული ემოციები, შინაგანი ოცნებები თუ წყენები, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლიდა წინსვლაში.

„მთავარი ასტროლოგიური გაფრთხილებაა ურანის დაძაბული კვადრატურა. დაბნელების დღეს მთვარეს ზუსტი კვადრატურა ექნება ურანთან, რაც სწრაფი გათავისუფლების იმპულსურ სურვილს აღძრავს.

რისკები: იმატებს ემოციებზე აყოლის, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების, ზედმეტი სენსიტიურობისა და ფეთქებადობის საფრთხე. შესაძლოა, ადამიანებმა ილუზორულ ნიადაგზე დაასრულონ ურთიერთობები ან მიატოვონ საქმეები, რაც მოგვიანებით სხვანაირი აღმოჩნდება.

მოვლენების ორი სცენარი: ზოგიერთი თავად შეეცდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ხოლო ზოგისთვის გარემოებამ (მაგალითად, სამსახურის მოულოდნელად დაკარგვამ ან პარტნიორის მხრიდან ურთიერთობის გაწყვეტამ) იძულებით შეიძლება შეცვალოს რეალობა“,- ამბობს ასტროლოგი:

26, 27, 28 და 29 აგვისტოს ასტროლოგი გვირჩევს, თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და აქტიური მოქმედებებისგან.

მისი თქმით, დაბნელება განსაკუთრებით საგრძნობი იქნება მათთვის, ვისაც პირადი პლანეტები თევზების, ქალწულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის საწყის გრადუსებზე ჰყავს.

რას მოიტანს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებისთვის ან შესაბამისი სახლების მიხედვით:

„ვერძი (XII სახლი)

აქცენტი გადადის ფსიქოლოგიურ გაცნობიერებაზე, შინაგან ტრავმებსა და ქვეცნობიერ წყენებზე. შესაძლოა გაჩნდეს განმარტოების, იზოლაციის ან ემიგრაციის/უცხოეთში წასვლის სურვილი. აუცილებელია წარსულის პატიება და გაშვება.

კურო (XI სახლი)

ფოკუსშია მომავლის გეგმები, სოციუმი და სამეგობრო წრე. შესაძლოა დასრულდეს ძველი ურთიერთობები ან უტოპიური გეგმები. ნიშანმა უნდა გადახედოს, რამდენად უზღუდავს არსებული გარემო შინაგან თავისუფლებას.

ტყუპები (X სახლი)

ცვლილებები ეხება კარიერას, სტატუსსა და ავტორიტეტებს (მათ შორის მამასთან ურთიერთობას). დღის წესრიგში დგება შინაგანი საყრდენისა და სიმყარის პოვნა. შესაძლოა შეიცვალოს სტატუსი (ქორწინება, განქორწინება ან პროფესიული ცვლილება).

კირჩხიბი (IX სახლი)

აქტუალური გახდება მსოფლმხედველობის შეცვლა, ძველი ღირებულებების გაშვება და ოპტიმიზმის შინაგანი რესურსის პოვნა. მოსალოდნელია ინტერესი ახალი ცოდნის ან შორი მოგზაურობის მიმართ.

ლომი (VIII სახლი) ფოკუსშია კრიზისები, ფინანსური/ემოციური დამოკიდებულებები, ვალები და ენერგეტიკული ჯაჭვები. ლომებს მოუწევთ ემოციური საზღვრების დაცვა, ეჭვიანობის დაძლევა და ყოფილ პარტნიორებთან ტოქსიკური კავშირების საბოლოოდ ჩახსნა.

ქალწული (VII სახლი)

დაბნელება პირდაპირ ეხება პარტნიორულ ურთიერთობებსა და ქორწინებას (ასევე კლიენტებთან ურთიერთობას). მოსალოდნელია თვალის ახილვა პარტნიორის რეალურ მდგომარეობაზე, მიდგომების შეცვლა ან ურთიერთობის ფორმატის გადატვირთვა.

სასწორი (VI სახლი)

ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, ყოველდღიურ რუტინასა და სამსახურს. შესაძლოა აუცილებელი გახდეს მავნე ჩვევების დატოვება, კვების შეცვლა ან ისეთი სამუშაო გარემოსგან გათავისუფლება, რომელიც ემოციურ კომფორტს აღარ ანიჭებს.

მორიელი (V სახლი)

ცვლილებები ეხება შვილებს, სასიყვარულო სფეროს, შემოქმედებასა და შინაგან ბავშვს. მორიელებს მოუწევთ შვილებთან მიდგომების შეცვლა, ახალი გასართობისა თუ შთაგონების წყაროს პოვნა და გრძნობების სფეროში ძველი პატერნების გადააზრება.

მშვილდოსანი (IV სახლი)

ფოკუსშია ოჯახი, სახლი, უძრავი ქონება, მშობლებთან ურთიერთობა და შინაგანი უსაფრთხოების განცდა. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, საოჯახო საკითხების მოგვარება ან ძველი ოჯახური ტრავმების გაშვება.

თხის რქა (III სახლი)

ცვლილებები ეხება კომუნიკაციას, აზროვნების პატერნებს, და-ძმებთან და მეზობლებთან ურთიერთობას, მოკლევადიან მოგზაურობებსა თუ სწავლას. დროა გათავისუფლდეთ მოძველებული შეხედულებებისგან და შეცვალოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობის სტილი.

მერწყული (II სახლი)

ყურადღება გადადის პირად ფინანსებზე, თვითშეფასებასა და მატერიალურ რესურსებზე. მოსალოდნელია შემოსავლის წყაროების გადახედვა, ფინანსური დამოკიდებულებების გადაფასება და იმის გაცნობიერება, თუ რა არის თქვენი რეალური ღირებულება.

თევზები (I სახლი)

ვინაიდან დაბნელება უშუალოდ თევზების ნიშანში ხდება, ცვლილებები ეხება თქვენს პიროვნებას, იმიჯს, სხეულს, თვითაღქმასა და პირად მიზნებს. ეს არის ძველი „მეს“ საბოლოოდ გაშვებისა და ახალი ეტაპის დაწყების პერიოდი“,- აღნიშნავს ასტროლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: