Digest Logo

„ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი რინოვირუსია, გრიპის ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა “ - ივანე ჩხაიძე

1760014968
ივანე ჩხაიძე

ფიქსირდება, თუ არა გრიპი, რა ვირუსები ცირკულირებს, ხშირია, თუ არა კოვიდის შემთხვევები და როდის დაიწყება სეზონურ ვირუსებზე ვაქცინაცია? - ამ საკითხებზე „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ძირითადი, წამყვანი ვირუსი - რინოვირუსია.

„შემოდგომამ თავისი გავლენა ვირუსულ პეიზაჟზეც მოახდინა. თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი.

რინოვირუსთან ერთად სხვა გაციების გამომწვევი ვირუსებიც ფიქსირდება, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა შეუძლია, გაციების კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობს. ეს არის – ტემპერატურა, ოღონდ დაბალი რიცხვები, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცხვირცემინება, ცხვირიდან გამონადენი. ამ ვირუსებს არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე.

ზოგადად, ახლა, სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, იმ ინფორმაციით, რასაც „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ გვაძლევს, 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, შემთხვევები შედარებით მომატებულია და ასეც უნდა იყოს. აგვისტოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, მობილობა გაიზარდა, ბაღებსა და სკოლებში უფრო მეტი ბავშვი დაბრუნდა. ასე რომ, ეს აბსოლუტურად ახსნადი დინამიკაა და ჩვენ ველოდებით, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარ-თებერვლის თვეებში მიაღწევს. საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, როგორც ყველაზე აქტიური პერიოდი, სწორედ ეს სამი თვე გამოირჩევა.
რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მთავარი აქცენტი გრიპის ვირუსზეა.

გრიპის ვირუსი სწორედ იმ ვირუსს წარმოადგენს, რომელსაც გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის, ყველაზე მეტად ახასიათებს. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, საქართველოში, ნოემბერში, ალბათ, უკვე გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები გამოჩნდება. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გრიპის სეზონისთვის მზადებაა. მზადებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაქცინაციის პროცესს ვგულისხმობთ, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება.

ვაქცინა უკვე შემოტანილია ქვეყანაში. ეს არის 4 კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა. განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ეს არის ადამიანების ის კატეგორია, სადაც გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობა უფრო მეტად არის მოსალოდნელი.

საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება უპირველესად, რისკჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია, ნოემბრის დასაწყისია“, - აცხადებს ჩხაიძე.

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ შედის რისკჯგუფებში.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.

„რისკჯგუფების ჩამონათვალი არ იცვლება. გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება, პირველ რიგში, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, თუმცა გამოვყოფთ ცალკე 2 წლამდე პერიოდს, რადგან 2 წლამდე ასაკში გრიპი მიმდინარეობს ყველაზე უფრო მეტი გართულებით. ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვიდან ზემოთ. რისკის ჯგუფებში შედიან, ასევე, ორსულები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, რისკჯგუფებს მიეკუთვნება სამედიცინო პერსონალი.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთადერთი მთავარი მიზანია - გაზარდოს ანტისხეულების რაოდენობა, ანუ გაზარდოს იმუნიტეტი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აძლიერებს იმუნიტეტს. გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ“, - დასძენს „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი.