Digest Logo

🎥 „არ უნდა დაურეკო მშობელს მხოლოდ ხელფასის დღეს“ - ინფლუენსერ თამაზას ემიგრანტი დედის პირველი ინტერვიუ და მიმართვა ახალგაზრდებს

1793975937
თამაზა ლოხიშვილი

პოდკასტ „მეხუთე ელემენტის“ ეთერში ამჯერად სტუმრები ინფლუენსერი თამაზა ლოხიშვილი და მისი ემიგრანტი დედა, თამარ ყველაშვილი იმყოფებოდნენ. როგორც გაირკვა, თამარისთვის ეს მედიაში პირველი გამოჩენაა. საუბარი თბილი და ხალისიანი გარემოთი დაიწყო, სადაც დედამ შვილის ბავშვობის წლები გაიხსენა:

„თამაზა თავიდანვე იყო ძალიან ცელქი, მოუსვენარი, ყველაფერს აფუჭებდა და ძალიან კაპრიზული ბავშვი იყო... სკოლაშიც იყო ძალიან ცელქი, სულ თავისებურად უნდოდა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა“,- იხსენებს ის.

თავად თამაზა იხსენებს, რომ დედა სახლში საკმაოდ მკაცრი იყო და წესების დარღვევას არავის პატიობდა.

საუბრის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი თამარის ემიგრაციაში წასვლას შეეხო. მედიცინაში მრავალწლიანი მუშაობისა და ექთნის პროფესიის მიუხედავად, ფინანსური სირთულეების გამო მას ქვეყნის დატოვება მოუხდა.

„ბავშვების დატოვება ძალიან მიჭირდა, იმიტომ, რომ მე არასდროს არ დამიტოვებია, ერთი დღეც კი არ დამიტოვებია ჩემი შვილები არსად... მაგრამ როცა მივხვდი, რომ გაუსაძლისი გახდა ხელფასების მხრივ, გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის რაღაც მეღონა. იქ ყველას არ აქვს ეს ფუფუნება მართლა, აი საბუთი რასაც ჰქვია, რომ ლეგალურად იმუშაო და იცხოვრო... ზოგი ხუთი წელი, ექვსი წელი, შვიდი წელი ენატრება შვილი.  ჯერ კარგად უნდა გაიაზროს, სად მიდის. ძალიან გჭირდება ფსიქოლოგიურად მომზადება, რომ მიდიხარ ემიგრაციაში... არ გექნება დალხენილი ცხოვრება, ყველანაირ სირთულეს უნდა გაუძლო“,- აღნიშნავს თამარ ყველაშვილი.

ამასთან, ინტერვიუში ყურადღება დაეთმო თამაზას პოპულარობას, სოციალურ ქსელებსა და მის გამორჩეულ იმიჯს - გრძელ, მოვლილ თმას, რომელიც ხშირად განხილვის საგანი ხდება. თამაზამ აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსულ ნეგატივს და ჰეითს ადრე ძალიან განიცდიდა, თუმცა დედის დახმარებითა და ფსიქოლოგიური მუშაობით ამასთან გამკლავება შეძლო.

„არასოდეს არ გამომიგზავნია, დამეფიცება ჩემი შვილების სული - ორი შვილი მყავს გარდაცვლილი ამისთვის - საგულაოდ ფული, არასდროს. მე თუ რასაც ვშრომობ და რასაც ვწვალობ, თუ რასაც ვაკეთებ... ოჯახში რომ ვმუშაობ, რომ ჩემი ცხოვრება, მართლა რომელიც საუკეთესო დღეები, წლები უნდა გამეტარებინა ჩემს შვილებთან ვარ ემიგრაციაში ამის {თამაზას} საკეთილდღეოდ“,- ჰყვება თამარ ყველაშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕