შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის ერთ-ერთი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებს იძიებს. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნების მიმართ შესაძლოა ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალებამ tv მონიტორინგმა გაავრცელა. მათ მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში თავად მოზარდები ჰყვებიან, რომ პედაგოგთა ნაწილი მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს.
- თავში გირტყამს?
- ხანდახან, როცა გაბრაზებულია - ამბობს ჩანაწერში ერთ-ერთი მოზარდი.
ამასთან, ჩანაწერების მიხედვით, ბავშვებს არ აქვთ სრულფასოვანი კვება და ზოგიერთ მათგანს ქუჩაში უწევს მოწყალების თხოვნა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მისულ tv პირველის ჟურნალისტს კომენტარზე უარი უთხრა ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ, ხოლო თავად აღსაზრდელებმა ყველანაირი ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ მათი უფლებები არ ირღვევა.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები სიმძიმის მიხედვით, ერთიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.