Digest Logo

„ასეთი მძიმე ბრალდებებისა და ბულინგის ფონზე რამე რომ დამემართოს, ნეტავ თუ არ შერცხვებათ“ - რას ამბობს ზურა ნიჟარაძე

1733387319
ზურა ნიჟარაძე

მსახიობი ზურა ნიჟარაძე საკუთარი დაბადების დღის შესახებ გვესაუბრა. წლევანდელი 13 ოქტომბერი მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, თუ რატომ – ამაზე თავად ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

ზურა ნიჟარაძე: ჩემი დაბადების დღე, როგორც ყველა ადამიანს, მეც მიყვარს. ამ დღეს ჩემი მეგობრები, ნათესავები იკრიბებიან და ბედნიერი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წელს ჩემს სიცოცხლეში პირველად გადავიხადე დაბადების დღე. აქამდე ყველაფერი უფრო სპონტანურად ხდებოდა და წელს ცოტა უფრო დაგეგმილი იყო. საბედნიეროდ, გადასარევი გამოვიდა.

ჩემ ირგვლივ უამრავი პროფესიის ადამიანი ტრიალებს. ვხუმრობდით კიდეც, ჩემს დაბადების დღეზე ყველა პროფესიის ადამიანი იყო: მღვდელი, პროფესორი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, მშენებლები, ბიზნესმენები.

– არის რამე წარსულში, რასაც დღეს სულ სხვანაირად გააკეთებდით?

– თითქმის არაფერს შევცვლიდი, ალბათ, მხოლოდ ათ პროცენტს. არ მიცხოვრია ბოროტად, არ ჩავრეულვარ სხვის საქმეში, არ მიღალატია ადამიანისთვის. ახლა გარკვეულ ორგანიზაციებს თუ პარტიებს უნდათ, პოლიტიკაში ჩამითრიონ და გამსვარონ. ტროლები თუ ბოტები მაბრალებენ, თითქოს, ქრისტიანობას ვებრძვი. პოლიტიკოსების გვერდით დამაყენეს. ხომ არ დავიწყებ ჩემს ცხოვრებაზე საუბარს, ხომ არ ავუხსნი ყველას სარწმუნოების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე, ჩემს ურთიერთობებზე სასულიერო პირებთან, ხომ არ მოვუყვები ყველას, რომ ათონის მთაზე დავდივარ და ღამეებს ლოცვაში ვათენებ. კონტექსტიდან ამოჭრილი ჩემი ფრაზებით ცდილობენ, არასწორად წარმოაჩინონ ჩემი დამოკიდებულებები. ხან ამბობენ, ნაცებთან ქეიფობსო, ხან – ქოცებთანო. რატომ მაკუთვნებენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ. ერთხელ, ოთხი წლის წინ, ტელევიზიაში ვთქვი, ჩვენ უნდა შევიდეთ ევროპაში, რომ კარგი განათლება გვქონდეს-მეთქი. როცა საუბარი ევროპაზე მიდგება, ვიღაცები „ელგებეტე“ პირებზე აკეთებ აქცენტს და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მარტო ეს ხომ არაა ევროპა, მათი განათლება დავაფასოთ, მარტო ცუდი ხომ არ უნდა დაინახო?! ვის რად უნდა ჩვენი ქრისტიანობა, იქ არავინ არაფერს არ გართმევს-მეთქი. „ვის რად უნდა ჩვენი ქრისტიანობა“ ეს ფრაზა ამოჭრეს და ნახეთ, როგორ ყიდის ქრისტიანობასო, წერენ. ჩვენ რელიგიასა და ქართველობას არავინ გვართმევს, რაც შენია, ვერც ვერავინ წაგართმევს და არც არავინ დათმობს. მით უმეტეს, ჩემზე რომ ამბობენ ასეთ რამეს, დავიჯერო, ჩემზე მეტად მორწმუნეები არიან, ჩემზე მეტად უყვართ ქრისტიანული სარწმუნოება? რატომ უნდათ, რომ გამსვარონ? ძალიან მეტკინა გული. როგორ შეიძლება, ადამიანის ასე გაწირვა. მთელი ცხოვრება ვცდილობ, პოლიტიკასთან ახლოს არ ვიყო. მე არ მესმის ეს საქმე ისე, როგორც საჭიროა. მე ვიცი, რომ პოლიტიკა ყველას გვეხება და ჩემს არჩევანს ვაფიქსირებ საარჩევნო ყუთთან. არ ვფიქრობ, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ, მით უმეტეს იმ თემაზე არ დავიწყებ საუბარს, რომელიც კარგად არ ვიცი. მე ისიც მესმის, რომ განკაცებული ღმერთი გავაკარით ჯვარზე და ყველას რომ ვერ ეყვარები, გასაგებია, მაგრამ არსიყვარული და სიძულივილი სხვადასხვაა. ხომ შეიძლება, ადამიანი არ მოგწონდეს, მაგრამ ასეთი საშინელებები არ დაუწერო?! არ უნდა გავაბოროტოთ ადამიანებმა ერთმანეთი. სულაც არ ვფიქრობ, რომ რამეში შევცდი, მაგრამ შენ თუ ასე ფიქრობ, მოდი და ადამიანურად მომწერე და არა ასეთი საშინელი ფორმით.

სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თორემ ჩემს ცხოვრებაში მე რა ნაბიჯებიც გადამიდგამს, არ ვნანობ და ვერ ვიტყვი, რომ რამე მნიშვნელოვანის შეცვლას ვისურვებდი. ასეთი მძიმე ბრალდებებისა და ბულინგის ფონზე რამე რომ მომივიდეს ნერვიულობის გამო, ნეტავ თუ არ შერცხვებათ?!

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა შეაჩეროთ სახლში დამანგრეველი ნეგატიური ენერგიის შედინება

სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

🎥 ვრცელდება კადრები, სადაც ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევს ფიზიკურად უსწორდება

წყარო: tbiliselebi.ge