Digest Logo

„ბავშვების ენერგოველი გემრიელი ლუკმაა... რუნები კი მტაცებლები არიან“ - ექსტრასენსი მარიამ ციმინტია მოზარდებში ოკულტიზმის საფრთხეებზე საუბრობს

1786459746
მარიამ ციმინტია

გადაცემა Teen Talk - „თინთოქის“ მორიგ ეპიზოდში ექსტრასენსმა და ოკულტისტმა მარიამ ციმინტიამ მოზარდებში გავრცელებულ ოკულტურ პრაქტიკებზე, ტაროს გაშლასა და იმ ენერგეტიკულ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებსაც არასრულწლოვნები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ.

მარიამ ციმინტიას თქმით, 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ჰორმონალური ცვლილებების გამო საკმაოდ სუსტი, თუმცა „სუფთა და გემრიელი“ ენერგოველი აქვთ, რაც დაბალვიბრაციულ ენერგიებსა და პარაზიტულ არსებებს იზიდავს.

„18 წლამდე მოზარდების ენერგოველი საკმაოდ სუსტი და გემრიელია... სანამ ადამიანი 18 წლის გახდება, ეს არის სუფთა ენერგია. როდესაც ბავშვი სარიტუალო პრაქტიკას აკეთებს, ამ შემთხვევაში ხსნის გარკვეულ პორტალს იმ არსებებისთვის, რომლებიც მშივრები არიან... ეს არ არის სახუმარო თემა, შეიძლება დაჯდეს მის არხზე და დაიწყოს შეშინება. ბავშვს ეწყება შფოთვები, შიშები და შეიძლება მათი სერიოზული მსხვერპლი გახდეს. ეს არის შეპყრობილობა“.

ოკულტისტმა განსაკუთრებით გააფრთხილა მოზარდები სარიტუალო პრაქტიკებისა და სხეულზე რუნების გამოსახვის/ტატუირებისგან, რადგან მისი თქმით, რუნები თავისი არსით „მტაცებლები“ არიან.

„რუნებს საერთოდ არ უნდა შეეხოს ბავშვი, აბსოლუტურად აკრძალულია! რუნები არიან მტაცებლები. იმისათვის, რომ რუნა გააქტიურო, მას სჭირდება არა მარტო ოთხი სტიქია - მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, არამედ სჭირდება თქვენი სისხლი, ნერწყვი ან ბიომასალა... სხეულზე რუნის გაკეთებისას ის ჯერ გაძლევს, მუშაობს, მერე კი გართმევს და ადამიანი იწყებს ნგრევას“.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. „სასიყვარულო მაგიასა“ და ჯადოებზე, რომლებსაც მოზარდები ხშირად უწყინარ თამაშად აღიქვამენ:

„სხვის თავისუფალ ნებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს. როდესაც თქვენი ველით უერთდებით სხვა ადამიანს და ჯადოს უკეთებთ, კოდური ხარვეზი გადადის თქვენს მატრიცაზეც და თქვენს ცხოვრებასაც ანგრევს... თუ რუნებით კეთდება სასიყვარულო მაგია, ამან შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობა ან უბედური შემთხვევა იმ ადამიანზე, ვისზეც კეთდება, ხოლო მერე ეს ბუმერანგივით უბრუნდება გამკეთებელს“.

საუბრისას მარიამ ციმინტიამ აღნიშნა, რომ მას საპატრიარქოდან, აწ. გარდაცვლილი მამა აკაკისგან აქვს კურთხევა განდევნის ე.წ. ეგზორციზმის რიტუალებზე, თუმცა მშობლებს ურჩევს, შვილის ქცევის მკვეთრი ცვლილებისას ჯერ სამედიცინო ფაქტორები გამორიცხონ.

„სანამ ბავშვს ჩემნაირ სპეციალისტთან მოიყვანთ, აუცილებლად გადაამოწმეთ ექიმთან და გამორიცხეთ სამედიცინო ფაქტორი, ჰორმონალური დარღვევაა თუ შაკიკი... მაგრამ როდესაც სამედიცინო ფაქტორი გამოირიცხება, ბავშვს აქვს აგრესიის აფეთქებები, ეცვლება სახის ფერი, უშავდება თვალები და უჩნდება სპეციფიკური შმორის სუნი პირიდან, ეს უკვე ჩემი სამუშაოა. სანამ მიხვალთ იმ დონეზე, სჯობს განავითაროთ თქვენი სულიერება, გონება და ინტელექტი... ექსტრასენსი თუ ეზოთერიკოსი არის ინტელექტუალი, რომელმაც იცის კანონები, არის ღრმა და ცუდს არ გააკეთებს. ეზოთერიკა პრიმიტიული ადამიანის ხელში ჯადოსნური ჯოხივითაა, ღრმა ადამიანის ხელში კი - სულ სხვა ძალა. თუ უკვე იმ დონეზე გაზრდილი ხართ, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ მაგიაში“.

გადაცემის ბოლოს სტუმარმა მშობლებსა და მოზარდებს შიშის დაძლევისა და ერთმანეთის მიღებისკენ მოუწოდა:

„ჩარჩოები ქმნიან ჩვენგან მონსტრებს... ღმერთი არის სიყვარულის ენერგია და ღმერთის არ უნდა გვეშინოდეს. კანონებს ქმნის ადამიანი, ღმერთი კი არ ქმნის შიშის კანონებს. როდესაც გვეყვარება ერთმანეთი, ვიქნებით ძალიან დიდი ძალა“.