თამარ თათარაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მაყურებლისთვის საუბარი მოუწია კლინიკიდან. მასვე მოუწია ადამიანებისთვის ეცნობებინა, რომ საქართველოს სულიერი მამა აღარ ჰყავდა.
ჟურნალისტი უწმინდესის გარდაცვალების დღეს ემოციურად იხსენებს და ამბობს, რომ ამბავი ბევრად ადრე იცოდა, თუმცა გულის სიღრმეში თავს აჯერებდა, რომ პატრიარქი ცოცხალი იყო:
„ყველაზე მძიმე ამბავი იყო, რაც კი ჩემი მცირე გამოცდილების ამბავში გამიშუქებია. ბევრად ადრე ვიცოდი ამბავი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღარ ჰყავდა ცოცხალი.
მთელი დღის განმავლობაში ვიყავით კლინიკაში და ვაწვდიდით მაყურებელს იმ ინფორმაციას, რაც გვქონდა. პირველი განცდა რაც იყო ის რომ ემოცია უნდა გადამედო გვერდზე, იმიტომ რომ ვიცოდი ბევრი ადამიანი იჯდა „რუსთავი 2 -თან“, ჩართული ჰქონდა ტელევიზორი და უყურებდა „კურიერს“ და ყველა გულის ფანცქალით ელოდა ამბავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ.
გულის სიღრმეში არ მინდოდა ეს ამბავი მეთქვა მაყურებლისთვის, რადგან არ მინდოდა ამ ამბის პირველი გამავრცელებელი ვყოფილიყავი მე. ადამიანი ხარ, რაც არ უნდა პროფესიის წარმომადგენელი იყო, გიჭირავს მიკროფონი და აკეთებ ამბავს, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო მაყურებელს ჰქონოდა დადასტურებული ინფორმაცია.
ძალიან მძიმე და ემოციური იყო მეუფე გიორგის განცხადება: „უწმინდესმა მოიხადა ვალი წინაშე ღვთისა და ერისა“. ეს იყო ირიბი დადასტურება, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვთქვი - ამ ამბავს არ ვიტყვით, დაველოდოთ დადასტურებულ ინფორმაციას. რამის 11:00 საათი იყო ძალიან მძიმე, როცა მეუფე შიომ საქართველოს უთხრა, რომ მას აღარ ჰყავდა სულიერი მამა.
ძნელია ეს ამბავი ემოციების გარეშე მოჰყვე. მაინც ცდილობ რომ ეს ყველაფერი რაღაც ჩარჩოში მოაქციო. მეც რიგითი ადამიანი ვარ, რიგითი ქრისტიანი, მართლმადიდებელი. მეც ისე მტკიოდა, როგორც თითოეულ ადამიანს. ძალიან ძნელი იყო გადასვენების ამბავი, ყველა ერთად გავდიოდით გზას საპატრიარქოდან სამებამდე. ასეთი გადაღება არასდროს მქონია. ასეთი მასშტაბი ხალხის, ჩემი მცირე გამოცდილების განმავლობაში არასდროს მინახავს. ალბათ არ ვიცი ვნახავ, ვერ ვნახავ.
თამარ თათარაშვილი არის 30 წლის, ერთი რიგითი ჯარისკაცი. „რუსთავი 2-ში“ უკვე 4 წელია ვმუშაობ. ეს არის ძალიან მაგარი გუნდი, რომელიც ქმნის „კურიერს“. მადლობა, რომ მაქვს საშუალება ამ მიკროფონის ქვეშ მოვუყვე ადამიანებს ამბავი“, - აღნიშნა თამარ თათარაშვილმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესები ხართ“ - რუსკა ქარქაშაძის ოჯახური ფოტოსესია
🎥 „საოცრად გამოიყურები...“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე