Digest Logo

„ჩემი გონებიდან, თვალებიდან არასდროს ამოვა 7 წლის ლუკა დუდაშვილის მამა, როდესაც შვილის ამბავი გაიგო...“ - რას ჰყვება ჯარისკაცი შოვის ტრაგედიაზე

1693301840
ჯარისკაცი შოვის ტრაგედიაზე

დიმიტრი ცერცვაძე ეროვნული გვარდიის იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცია, შოვის ტრაგედიის მეორე დღიდან ეპიცენტრში იმყოფება და სამძებრო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული, მან „კვირისპალიტრას“ ინტერვიუ მისცა, სადაც შოვის ტრაგედიის შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

„ძალიან რთული და ემოციურად მძიმე იყო ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით. მიწის მასა, ქვა, ხის მორები და ტოტები ერთმანეთში იყო არეული. მაშველები წელამდე ლაფში მუშაობდნენ. ადგილზე 90-მდე მძიმე ტექნიკა იყო. იქ ზოგიერთ ადგილზე მიწის მასა 3-5 მეტრამდე აღწევს, ზოგიერთ ადგილზე 6-7 მეტრიც არის. ტრაქტორები მწკრივად, ნაპირიდან მიჰყვებოდნენ და გზას მიიკვლევდნენ. მეც იქვე ვიყავი. როდესაც ტრაქტორის ოპერატორმა კოშით მიწის მასა ამოიღო და სხვა ადგილზე უნდა გადაეტანა, შევამჩნიე ბავშვის ფეხი - მუხლიდან ქვემოთ... ეს უმძიმესი წუთები არასდროს დამავიწყდება“, - ამბობს დიმიტრი ცერცვაძე.

- ამის მოსმენაც კი ძალიან რთულია...

- ლუკა „სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ, კოტეჯების ქვემოთ. ახალი ძალა რომ დაგვინახა მისული, მამამისი პირველ დღესვე მოვიდა ჩვენთან, რუკით ხელში და გვიჩვენებდა იმ ტერიტორიას, სადაც მისი ოჯახი იყო; მას ცოლი და 3 შვილი ჰყავდა დაკარგული.

- ამ დღეებიდან ემოციურად, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

- მას შემდეგ, რაც აქ ამოვედი, ორნაირი ემოცია მაქვს: არასდროს დამავიწყდება და ჩემი გონებიდან, თვალებიდან არასდროს ამოვა 7 წლის ლუკა დუდაშვილის მამა, როდესაც შვილის ამბავი გაიგო. მეორე ემოცია იყო ადამიანების სტუმართმოყვარეობა, სითბო, მასპინძლობისა და გულისხმიერების საოცარი მაგალითები. ამოდიოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ყველა თავისებურ სითბოს ტოვებდა...

ცნობილია, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, რაჭაში ფესტივალი გაიმართა. ეს ტრაგედია თუ მოსახდენი იყო, კიდევ კარგი, იმ დღეებში არ მოხდა ან არ მოხდა ღამის საათებში, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნუ შეგვიქმნით ისეთ სიტუაციას, რომ გვრცხვენოდეს იმისი თქმა, სად ვცხოვრობთ... მიეცით ჩვენს შვილებს უფლება, გაიზარდონ შოვში“ - რაჭის მცხოვრების მიმართვა საზოგადოებას

🔵„მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო...“ - მამა შალვა კეკელია

🔵„სიზმარი ვნახე, ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების ტრიალს... არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური...“ - რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

წყარო: kvirispalitra.ge