„ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე“, - ასე უწოდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2015 წლის 13 ივნისს.
თბილისის მერმა 9 წლის წინანდელი ტრაგედია მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაიხსენა.
„დღეს 13 ივნისია - ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი - ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა, სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველაფრის, მათ შორის, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში სტიქიამ 21 ადამიანი შეიწირა, ამ დრომდე ორი დაკარგულად ითვლება და ათასობით მოქალაქე დაზარალდა – ტრაგიკული თარიღიდან დღეს ცხრა წელი გავიდა. ამასთან სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია, რასაც ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც ემსხვერპლა. 2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს. დაღუპულებს დღეს დედაქალაქში 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: