პანკისის ხეობის სათემო ორგანიზაცია „უხუცესთა კავშირი“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„პანკისის ხეობის სათემო ორგანიზაცია „უხუცესთა კავშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მთელ საქრისტიანოს და სრულიად საქართველოს მოქალაქეებს.
გლოვის დღეები უდგას ჩვენს ქვეყანას.
ზღვა ხალხია გამოსული დედაქალაქის ქუჩებში, რათა პატივი მიაგოს დიდი ადამიანის ხსოვნას, და ეს ლოგიკური გამოხატულებაა საზოგადოების იმ პიროვნების მიმართ, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა ქართველი ხალხის სულიერებას. მაგრამ მისი უწმინდესობა არ იყო მხოლოდ ქართველი ხალხის სულიერი ხელმძღვანელი - იგი ჭეშმარიტად განასახიერებდა სიკეთეს, მთელი თავისი არსით, და ნაწილ-ნაწილ უნაწილებდა ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს, ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს.
გვახსენდება 2014 წელი, როცა „უხუცესთა კავშირის“ სამი წარმომადგენელი საპატრიარქოში ვეწვიეთ პატრიარქს (აპალონ გაურგაშვილი, ხასო ხანგოშვილი და მე - ზაურ გუმაშვილი). მისალმების შემდეგ მოშორებით დავსხედით მოკრძალების ნიშნად, მაგრამ პატრიარქმა გვითხრა: აი აქ, ჩემთან ახლოს დასხედითო. სავარძლები იმდენად ახლოს მიატანინა, რომ ერთმანეთთან ხელის შეხებაც შეგვეძლო. ეს იყო მაღალი ადამიანური სითბოსა და სიყვარულის საუკეთესო გამოხატულება.
ჩემმა მეგობრებმა მე დამითმეს და მანიშნეს, დამეწყო საუბარი. საუბრის თემა პანკისის ხეობასა და აქ არსებულ ვითარებას ეხებოდა. პირველივე კითხვა, რომელიც პატრიარქმა დასვა, მოსახლეობას ეხებოდა - რით შეიძლება დავეხმაროთ და ვუშველოთ ხალხს? ჩვენ ვუთხარით, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწუხებდით.
საკითხი ეხებოდა პანკისის ხეობისთვის მთის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ჩვენი ხეობა ამისათვის ყველა კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ იგი დაელაპარაკებოდა ქვეყნის პირველ პირს და ცდას არ დააკლებდა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, და მან თავისი დაპირება შეასრულა - პანკისის ხეობის მოსახლეობას მისცა ის, რისი მიცემაც მას შეეძლო.
ჩვენი საუბარი ამით არ ამოწურულა. პატრიარქი დიდხანს გვესაუბრებოდა თავის ბავშვობის პერიოდზე, მისი მშობლების ურთიერთობებზე ქისტებთან (ასე მოიხსენიებდა იგი ინგუშებსაც და ჩეჩნებსაც). ამ საუბრებში ერთმანეთს ვენაცვლებოდით, ისეთი შინაურული ატმოსფერო ჩამოყალიბდა, რომ დიდი ხნის ნაცნობებად წარმოგვედგინა ერთმანეთი.
და ბოლოს, მან ხაზგასმით წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში იმავე სახით ჩაიბეჭდა. მან თქვა, რომ ჩემს ახლობლებს, ჩემს სამეგობროს, იმათ, ვისთანაც რაიმე ფორმით შეხება გამაჩნია, სულ ხაზგასმით ვეუბნები, რომ არასოდეს თქვათ, ქისტები სხვა ერის ხალხი არიანო - იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, რომ ისინი ჩვენები არიან და არ განასხვაოთ ქართველებისგან.
უფრო მოგვიანებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი კვესიტაძემ, ეს სიტყვები მრავალჯერ დამიდასტურა. სწორედ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და პატრიარქის თაოსნობით გაიხსნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელმაც სერიოზული სამუშაო გასწია კავკასიოლოგიური კვლევების წარმართვის თვალსაზრისით.
იმდენად გავერთეთ პატრიარქთან შეხვედრისას, რომ მხედველობიდან გამოგვრჩა, როგორ შეუმჩნევლად გაიპარა დრო. უწმინდესის მიერ გამოხატულმა ადამიანურმა სითბომ ეს ყველაფერი დაგვავიწყა და, როდესაც გვიან გადავწყვიტეთ პანკისში დაბრუნება, მისი უდიდებულესობის მიერ წინასწარ გამზადებული საჩუქრები გველოდებოდა, რომელთა შორის გამოვყოფდი მისი ცხოვრების ამსახველ ორტომეულს და ვერცხლის ფიალას, რომელიც ჩემი ოჯახისთვის რელიქვია გახდა.
ეს თითქოს ერთი პატარა, მაგრამ თავისი შინაარსით უაღრესად დიდი ეპიზოდია პატრიარქის ქისტებისადმი ყურადღების ამსახველი. ასეთი დამოკიდებულება გასდევდა მთელ მის ცხოვრებას ზოლად. ჩვენთვის, ქისტებისთვის, ის დიდი გულშემატკივარი და მყარი კედელი იყო, რომლის იმიერ სამყაროში გადასახლება მკვეთრად დაეტყობა ჩვენს ცხოვრებას, ვინაიდან ისეთი მცირე ეთნოსისთვის, როგორიც ქისტები არიან, მისნაირი ადამიანის თანადგომა ძალზე ბევრს ნიშნავს.
მთაში იტყვიან ხოლმე, როცა დიდი ვაჟკაცი ამ ცხოვრებიდან მიდის - „ციხე დაინგრაო“. დიახ, ციხესიმაგრის ნგრევას უკავშირდება დიდი ვაჟკაცის იმიერ სამყაროში გადასახლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ციხესიმაგრე დაინგრა, რომელსაც მისი უწმინდესობა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აშენებდა.
ალბათ, ძალზე დიდი დრო დასჭირდება ასეთი დიდი „ტაძრის“ მშენებლობას, რომელსაც ეს დიდი ადამიანი დიდი სულიერებითა და ვაჟკაცური შემართებით ამატებდა თითო აგურს თავისი ყოველდღიური საქმიანობით.
ძნელია ერთ პატარა სამძიმრის წერილში ჩატიო ყველა სათქმელი, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხეობაში საყოველთაოდ გავრცელებულ გამოთქმას გაიმეორებს ქისტი ჭარმაგი ქალი: ამ ქვეყნიდან წავიდა ადამიანი, რომელიც ქვეყნის ფასი ღირდა.
უღრმესი პატივისცემით,
პანკისის ხეობის სათემო ორგანიზაცია „უხუცესთა კავშირის“ თავმჯდომარე,
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
ზაურ გუმაშვილი“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.