ამბობენ, ხელოვანი ადამიანის გვერდით ცხოვრება მარტივი არ არისო. თუმცა, ფაქტია, მუსიკოს დათო ევგენიძისა და ნინო ჟვანიას სიყვარულის ისტორია უკვე თვრამეტ წელს ითვლის და წყვილი თანაცხოვრების ბედნიერ წამებს ისევ ისე შეიგრძნობს, როგორც შეყვარებულობის პერიოდში. გასული წლის 5 ნოემბერს წყვილმა ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცა – დათომ და ნინომ მეგობრების გარემოცვაში მოაწერეს ხელი და როგორც თავად ნინო ამბობს, ეს დღე სამუდამოდ დარჩება მის მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი.
ნინო ჟვანია: წელს გახდა თვრამეტი წელი, რაც მე და დათო ერთად ვართ და გასული წლის 5 ნოემბერს მოვაწერეთ ხელი. ვფიქრობ, ჩვენი სიყვარულის სურნელი არც ტკბილია და არც მძაფრად შემაწუხებელი. უფრო ზღვისა და ყვავილის, ჰორტენზიის სურნელი დაჰკრავს, რადგან მე თავად სოხუმელი ვარ. დათოც ხშირად ახსენებს სოხუმს, გამძაფრებული ნოსტალგია აქვს.
– საუბარში ახსენე, დათოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო. თუმცა, იყო დღეები, როცა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდი. ვგულისხმობ, დათოს უეცარ რეანიმაციაში მოხვედრას, სამდღიან ძილს...
– ძალიან შემეშინდა, ორი წლის წინ, როცა უეცრად ვარიკოზული დენა დაემართა. გული მისდიოდა, სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ღმერთს მადლობა, გადავრჩით. საახალწლო დღეები იყო, ძალიან გადაიღალა გადაღებებითა და კონცერტებით, თან, ლიფტი გაფუჭებული იყო და მერვე სართულზე ფეხით უწევდა ასვლა-ჩასვლა. გადაიტვირთა, გადაიღალა და ძალიან შემაშინა. ის ღამე, როცა დათოს ოპერაცია გაუკეთეს და რეანიმაციაში დააწვინეს, ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. იყო მეორე ფაქტიც – წითელ პარასკევს დაიძინა და კვირას, აღდგომა დღეს გაიღვიძა. ზოგადად, დათოს არ უყვარს ძილი, ოთხი საათი მისთვის საკმარისია და პარასკევს რომ დაიძინა და საღამომდე ეძინა, კი გამიხარდა, ვიფიქრე, ცოტას დაისვენებს გამოიძინებს-მეთქი, მაგრამ საღამოს რომ ვეღარ გავაღვიძე, ძალიან შემეშინდა. გამოვიძახე სასწრაფო, გადავიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ მერვე ხარისხის კომაში იყო. იმ წუთებში, ვერაფერზე ვფიქრობდი, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა. დათომ იმდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ამბობს: სიკვდილი ჩემი მეგობარიაო. მაგრამ, მე სიკვდილის მეშინია და მეგობრობა კი არა, ფიქრიც არ მინდა მასზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეყვარებულს დავშორდი და აღარ ველაპარაკები, სხვას აკოცა” - ლუკა შუბითიძის სახალისო ინტერვიუ
წყარო: tbiliselebi.ge