თამუნა მუსერიძის გადაცემაში „ვეძებ“, სტუმრად ნინო წყალობაძე იმყოფებოდა, რომელმაც 5 წლის ასაკში გაიგო, რომ აყვანილია.
როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, ზრდასრულ ასაკში დაიწყო გენეტიკური მშობლების ძებნა. ამ პროცესში იპოვა და, რომელიც ასევე გაშვილებული იყო, მამამ არ მიიღო და ასევე, გაიგო სიმართლე, რომ დედამ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.
„პირველად ეს ამბავი ამყვანმა დედამ 5 წლის ასაკში მითხრა. თავიდან ამბავს ზღაპარივით აღვიქვამდი. მახსოვს, რომ ხშირად ვთხოვდი, მოეყოლა. მიყვებოდა, რომ ორივე მშობელი ზვავის დროს დაიღუპა და მარტო დავრჩი; ბებიამ ვერ გამზარდა და მოუწია ჩემი გაშვილება. დავიჯერე ეს ისტორია, ალბათ მინდოდა, რომ დამეჯერებინა. მოზარდობის ასაკში ძალიან ჩავიკეტე საკუთარ თავში. მიშვილეს 2 წლის ასაკში, თუმცა საიდან და როგორ, ვერ მეუბნებოდნენ. ალბათ ეშინოდათ, რომ არ წავსულიყავი. სხვა არაფერი ვიცოდი. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი და მინდოდა მცოდნოდა, ვინ ვიყავი.
სულ მაინტერესებდა სიმართლის გარკვევა, თუმცა ნაბიჯებს ვერ ვდგამდი. გარდაცვალებამდე დეიდაჩემს ვკითხე, თუმცა მითხრა, რომ არაფერი იცოდა. მხოლოდ იმ ადამიანის სახელი მითხრა, რომელიც დედაჩემს ჩემს აყვანაში დაეხმარა. შემდეგ მივაკითხე ამ ადამიანის შვილს, რადგან თავად ის პიროვნება უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისმა შვილმააც არაფერი იცოდა.
ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელთანაც პირველად ვისაუბრე ამ თემაზე, „ვეძებ“-ის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. თუმცა გავძალიანდი, დავიჯერე, რომ მარტო ვიყავი და არავინ მეძებდა. ვიწვალებდი ცხოვრებას; არც ერთი საღამო არ გასულა ისე, რომ არ მეტიროს. განვიცდიდი იმას, რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ვერავის ვამბობდი და ვერავის ვუშლიდი გულს.
„ვეძებ“-ში დავწერე და დავიწყე გამორკვევა, ვინმე ხომ არ მეძებდა. სწორად არ ვეძებდი, ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ აჭარიდან ვიყავი, თუმცა სულ მეუბნებოდნენ, რომ გურული ვარ. შემდეგ ტესტებზე გავიგე. გავიკეთე ტესტი და ზუსტად ერთი წლის წინ მოვიდა პასუხები. გადატრიალდა ჩემი ცხოვრება: ტესტში მეორე თაობის ნათესავი გამოჩნდა. დედის მხარემ ყველაფერი იცოდა და თურმე გვეძებდნენ, მე და ჩემს დას. მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ და მყავდა. მოგვიანებით ტრეფიკინგის სააგენტოდან დედის გვარი მოვიდა, მამედოვა. ზუსტად პირველ იანვარს მეილით დამიკავშირდნენ: „შენ ბიძა გყავს, და სად არის შენი და? შენთან ერთად არის?“ დავეკონტაქტე და ძალიან მძიმე და გამაოგნებელი იყო. დედის ძმას პირობა მივეცი, რომ დასაც ვიპოვიდი.
ეს რომ გავიგე, დაახლოებით ხუთ დღეში გადავწყვიტე, ჩემი დის პირვანდელი ინფორმაცია დამეწერა, დაბადების სახელი, გვარი, თარიღი. ზუსტად ერთ საათში მისი მეზობელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ის იყო. მან თავისი სახელისა და გვარის შესახებ იცოდა, მეც ვახსოვდი, რადგან 4 წლის იყო. ჩვენ ორივეს მშობელმა იცოდა, რომ და მყავდა. მე ამიყვანა მარტოხელა დედამ, ჩემი დაც ასევე. დედაჩემმა ვერ მიმიღო და ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ მიმიღო ან რა დავაშავე. ძალიან განიცდიდა, რომ უცხო ადამიანი ჰყავდა სახლში. პირველივე ზარი ჩემი დისგან იყო, დამირეკა და დავარწმუნე, რომ მასაც გაეკეთებინა ტესტი.
ბიძისგან გავიგე დედის შესახებ: დედა გარდაიცვალა, ოფიციალურად თავი მოიკლა 24 წლის ასაკში. ულამაზესი გოგო იყო. მე 5 თვის ვიყავი, ჩემი და წლინახევრის. დედის გარდაცვალება და მამის წასვლა რუსეთში ერთდროულად მომხდარა. სიმართლე არ ვიცით; გამოძიების მიხედვით, ერთადერთი ეჭვმიტანილი ის იყო, რომელიც არასოდეს დაუკითხავთ“,- ჰყვება ნინო წყალობაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უშხვართესი და ულამაზესი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი კადრები სოცქსელს იპყრობს
⭕ ვულკანის ამოფრქვევა თანამედროვეობის ყველაზე ხმამაღალ მოვლენად დასახელდა
⭕„იზიდავს ჯანმრთელობას, სიძლიერეს“ - რა კერძები უნდა გვქონდეს საახალწლო სუფრაზე