„ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის, გვქონდა განცდა იმედის და ერთობის“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ასე ერთად მდგომი და შეკრული ერი მან 9 აპრილს იხილა.
„მახსენდებოდა 9 აპრილის შემდგომი დღეები, როდესაც თან ტრაგედია ტრიალებდა ჩვენს გულში და თან გამარჯვების რიჟრაჟი იყო და ყველა ერთმანეთის ჭირისუფალი ვიყავით, ყველა ერთმანეთის იმედი ვიყავით.
დაახლოებით ასეთი რამე იყო აქ, მთელი საქართველო ერთმანეთის ჭირისუფალი გახდა და უცხო ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებდნენ. თუმცა, ნუგეში ძალიან დიდი იყო ამ ერთობით და ჩვენ დავინახეთ მასშტაბი იმ აზროვნებისა და იმ მზრუნველობის თავის ერზე, რასაც პატრიარქი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში აკეთებდა.
ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის. ეს ის არის, რაც უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ.
ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით, ჩემი მშობლები 80 წლისები არიან. მამაჩემი ორჯერ არის ნაინსულტარი. ისე რომ არც ვიცოდით, სახლიდან გავიდნენ, თითქმის 5 საათი ვერ დავუკავშირდით და ამ რიგში ჩამდგარან და უკვე რომ დატოვეს ტაძარი მერე შევძელით დაკავშირება. უკვე იყო ღამის 2-ის ნახევარი. თან ამაყობდა მერე, რომ „მაინც ხომ შევძელი პატრიარქთან მისვლაო“. ეს ალბათ არის იმ ყველაფრის გამოვლენა, რაც პატრიარქს ხალხისთვის აქვს გაკეთებული“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი მათგანი იქნება საქართველოს პატრიარქიო...“ - რას ჰყვებოდა ილია მეორე მამაზე
⭕„ყველაფერი, მისი მოცემულია...რწმენაც მისი ნაჩუქარი გაქვს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე უფალზე