Digest Logo

დეკანოზი შალვა კეკელია: „გარდაცვალების შემდეგ ადამიანთან იწყება ჭეშმარიტი სიყვარული...ხედავ რომ სულ ის იყო მართალი და ხვდები, როგორ ვერ დააფასე“

1773298786
 მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუკ გვერდზე, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდი ვრცელდება, სადაც სასულიერო პირი საუბრობს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ახლობლებისადმი სიყვარულის ცვლილებაზე, საკუთარ შეცდომებზე დაფიქრებასა და იმ განცდაზე, რომელიც, მისი თქმით, ჭეშმარიტ სიყვარულად იქცევა.

„გარდაცვალებას აქვს საოცარი თვისება. მრავალს უახლოესი ადამიანები გყავთ დაკარგული, ზოგს მშობლები, ზოგს მეგობრები, ზოგს შვილიც კი. ხართ ადამიანები, რომლებსაც ამ დიდ ტკივილთან შეხება გაქვთ.

მინდა ყველამ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა - „ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან იყვნენ ხორციელად, მაშინ უფრო გიყვარდათ, თუ ახლა გიყვართ?“

ახლა სულ სხვა სიყვარულია, სულ სხვა გრძნობაა გარდაცვლილისადმი. ისეთი უანგარო სიყვარულია, არაფერს მისგან არ ელოდები უბრალოდ გიყვარს და მორჩა.

როცა ადამიანი ჯერ კიდევ სხეულშია, მასთან სულ რაღაც წინააღმდეგობები გვაქვს, შენთვის სულ შენ ხარ მასთან მართალი და ის ცდება. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ საოცარი რამ ხდება, ხედავ რომ სულ ის იყო მართალი და შენ იწყებ საკუთარი დანაშაულების დანახვას მის წინაშე, ხვდები როგორ ვერ დააფასე, როგორ ვერ მიაქციე ყურადღება, როგორ შეგეძლო გამოგეყენებინა მასთან დრო და არ გამოიყენე.

ხვდები, რომ შეგეძლო მასთან არც გეკამათა, რადგან ეს არაფრად ღირდა.

სწორედ მაშინ, როცა გარდაცვალების მომენტი დადგება და მასთან იწყებ სულიერ ურთიერთობას ფიზიკური სხეულის გარეშე, მაშინ იწყება ნამდვილი - ჭეშმარიტი სიყვარული.

და რატომ არის ის ჭეშმარიტი?

იმიტომ რომ ეს სიყვარული არის ღმერთში“, - აღნიშნულია დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებაში.