ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 21 ივლისს 90 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალმა „თბილისელებმა“ არტისტის ყოველდღიურობასა და პირად განცდებს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია. მისი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად გარეთ გამოსვლა უჭირს, რადგან კორპუსში ლიფტი არ არის და მეხუთე სართულიდან ფეხით ჩამოსვლა ექმნება პრობლემად.
ნანი ბრეგვაძე: ყოველდღიურობაში ვარ ჩვეულებრივი, როგორც ყველა უბრალო ადამიანი. ახალგაზრდა როცა ვიყავი, სულ გავდიოდი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად, სტუმრად მოდიოდნენ ჩემთან, კარს არ ვკეტავდით და ტელეფონიც არ იყო გადატვირთული. არც კი რეკავდნენ, ისე იყო სავსე ჩემი ოჯახი სტუმრებით – ეს სხვა მხარეა და ამ სიბერეში რა უნდა გითხრა, ვერც გავდივარ გარეთ, ლიფტი არ გვაქვს და მეხუთე სართულიდან ძალიან მიჭირს ფეხით. როცა კონცერტია ხოლმე, ვბრაზობ უკვე, ვეუბნები: დამანებეთ თავი, რაღა დროს ჩემი სიმღერაა. ძალიან დიდი ხანი, ალბათ, ორი საათი მაინც მჭირდება მომზადება.

ადრე ვიწყებ მომზადებას. რომ მიდიხარ და უცებ წაისვამ რაღაცას, უცებ რაღაცას გადაიცმევ, მე ასეთი რამ ახალგზარდობაშიც არ მქონია. ძალიან ვიღლები, ალბათ, უფრო ემოციებისგან. სცენაზე რომ დგახარ, შენ შენს თავს არ ეკუთვნი. თუ გადაღლილი ვარ, თავი თუ არ მუშაობს, ის კონცერტი ჩემთვის კონცერტი არ არის. გონება მაქვს ჩართული ყველანაირად, კონცენტრირებული ვარ მხოლოდ კონცერტზე და კონცერტიც რომ არ მაქვს, ჩემს სახლში სულ სიმღერაა. დღე არ არის, არ ვიმღერო. რომ წახვალ, მე აუცილებლად მივუჯდები როიალს. აბსოლუტურად არ მივიჩნევ თავს მარტოდ, ამდენი შვილიშვილები და შვილთაშვილი მყავს, ივსება ოჯახი და მათთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებ. შენი ოჯახი შენი ოჯახია, შევსებულია, მაგრამ ისეთი ძნელია, როცა შენი მეგობრები მიდიან, ვერ აღგიწერ. აი, აქეთა ცხოვრება, რაღაც რომ გინდა გაუზიარო შენს მეგობარს ისეთი, მარტო შენს მეგობარს რომ ეტყვი და არა შენს ოჯახის წვერებს და ეს რომ აღარ გაქვს, ძალიან რთულია.

სახლი ჩემთვის ყველაფერია, მთელი ჩემი ცხოვრებაა. კირჩხიბი ვარ, ვგიჟდები ოჯახზე. სოფიკო ჭიაურელს ვეუბნებოდი: რა ვქნა, სულ სახლში მინდა-მეთქი და მეც ასე არ ვარო. მშენებელიც ვარ, ხელოსანიც და ყველაფერი ვარ სახლშიო. მე უფრო სახლის მოწყობა, რაღაცების შეძენა მსიამოვნებს. შეიძლება, რაღაც ტანსაცმელი არ შევიძინო, მაგრამ სახლისთვის რამე დეკორატიული ნივთი ან ისე ნივთი რომ არ ვიყიდო, არ შემიძლია. ავეჯის, ნივთების აქეთ-იქით გადაადგილებები მიყვარს ძალიან და სულ ვუცვლი ადგილმდებარეობას“,- აღნიშნავს მომღერალი.