დღეს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი მედლის მოპოვებას ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100კგ) შეეცდება. სულამანიძე ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს და ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღესვე ოლიმპიადაზე გამოსვლას გააგრძელებს მოკრივე ლაშა გურული. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება. მანამდე ქართველმა მოკრივემ მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.
ძიუდოისტების ტურნირი ტრადიციულად 12:00 საათიდან დაიწყება, გურულის ბრძოლა კი 23:35 საათზე დაიწყება.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნები - ნახევარ მილიონს და ბრინჯაოს პრიზიორები კი 250 000 ლარს მიიღებენ.
ამ დროისთვის საქართველოს თამაშებზე ორი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.