საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - გულშემატკივრებმა ნაკრების ბიჭებს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
„დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით. 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე არ შემეძლო. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვლენ და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს“, - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
ცნობისთვის, 2 ივლისს საღამოს, 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიება გაიმართება. ფეხბურთის ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით.