ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელიც ამჟამად მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოდკასტ „სარკასტიკას“ ერთ-ერთ ეპიზოდს გამოეხმაურა. კრიტიკის მიზეზი გადაცემაში მკერდის იმპლანტების შესახებ გამართული დისკუსია გახდა, სადაც წამყვანები მსჯელობდნენ, თუ რომელი ფორმისა და ზომის იმპლანტი „უხდება“ ქალს.
ხაჟომიას განცხადებით, მსგავსი შინაარსის საუბარი არა იუმორი, არამედ Male Gaze-ის (მამაკაცური მზერის) გამოვლინებაა, რაც ქალის მხოლოდ სურვილის ობიექტად აღქმასა და მის ნივთებად დანაწილებას გულისხმობს.
„ეს არ არის იუმორი. ეს არის male gaze - როცა ქალს უყურებენ მამაკაცის სურვილის პრიზმიდან და აქცევენ შესაფასებელ ობიექტად.
როცა იმპლანტებს „რომელი ზომა და ფორმა მოგწონს“ დონეზე განიხილავთ, თქვენ ამყარებთ სტერეოტიპს, რომ ქალის ღირებულება სხეულის ნაწილებზეა დამოკიდებული. რეალობაში ბევრისთვის ეს იმპლანტები სხეულის აღდგენაა!
ძუძუ არ განსაზღვრავს სექსუალობას, არც მისი ზომა და არც ფორმა. ზოგს ის საერთოდაც არ აქვს, მათ შორის არც მე! პატივისცემა იწყება იმით, რომ ქალს ვხედავთ ადამიანად და არა ობიექტად“,- წერს ხაჟომია.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდია ნინო ხაჟომია, მძიმე სენს ებრძვის, საკუთარ გამოცდილებაზე, შიშებზე და იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც დაავადებამ ასწავლა.
მისი თქმით, კიბო არ არის განაჩენი, ის ერთგვარი „გაჩერებაა“ გადასაფასებლად.
აღიარება, როგორც ბრძოლის საწყისი
„პირველი ეტაპი არის აღიარება. მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს აღიარება ბრძოლისთვის შემართებას მაძლევს“,- ამბობს ის და აღნიშნავს, რომ სენის შესახებ ქვეცნობიერად ყოველთვის იცოდა, რადგან ოჯახური ისტორიიდან გამომდინარე, ამ შიშთან ერთად ცხოვრობდა.
„სხეულმა უარი თქვა პერსონაჟის თამაშზე“
წლების განმავლობაში ნინო საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „უხეშ, არარომანტიკულ და ზედმეტად დამოუკიდებელ“ ქალს, რომელიც ემოციებს მუდამ შიგნით კლავდა.
„როგორც კი სხეულმა უარი თქვა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო. ეს დაავადება ჩემს ცხოვრებაში კანონზომიერებაა, მან რაღაც უნდა მასწავლოს.“
კარიერა VS დრო შვილებთან
ავადმყოფობამ ყველაზე მკაფიოდ დროის ფასი დაანახა. ჟურნალისტი სინანულით იხსენებს კარიერაზე დახარჯულ წლებს, როცა მისი შვილები ყურადღებას ითხოვდნენ:
„კარიერიდან არაფერი დამრჩა, ეს დროის ფუჭი დანახარჯია. ახლა მირჩევნია ერთი ფურცლით მეტი წავიკითხო, იოგით დავკავდე ან ახალი ენა ვისწავლო“, - ამბობს ნინო.
ბრძოლა შიშის გარეშე
რეციდივის შიშისგან გასათავისუფლებლად ნინომ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და „ანჯელინა ჯოლის ოპერაცია“ (ორმხრივი მასტექტომია) გაიკეთა. მას არ სურს, დარჩენილი ცხოვრება ჩარჩოებში და მუდმივ შფოთვაში გაატაროს. ახლა ის ორიენტირებულია ჯანსაღ კვებაზე, სიმშვიდესა და იმ 6 თვეზე, რომელიც მკურნალობას უნდა დაუთმოს.
მიმართვა ქალებს
ნინო ხაჟომია ყველა ქალს მოუწოდებს, არ დანებდნენ და კიბო განაჩენად არ მიიღონ:
„არ იტიროთ! წინ ძალიან კარგი წლები გელოდებათ. მოდით, 6 თვე გადავდოთ და ვიმკურნალოთ. პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ სწორედ აქედან იწყება“.


