Digest Logo

„ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა...“ - რას ამბობს სემეკის წევრი

1785949300
შუქი

„დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება“, - წერს სოციალურ ქსელში სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.

მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.

ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, - წერს გიორგი ფანგანი.