ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ცნობთ, იგი ბოლო დროს ავადმყოფობდა. 17 ოქტომბერს, თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვულოცავ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სახელოვან გუნდს, ჩვენი თენგიზის სულს ზეციერში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის გახსნას.
მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად იშრომა და ხელი შეუწყო, რომ ამ დამსახურებულ და გამორჩეულ სამედიცინო დაწესებულებას და კოლექტივს ჩვენს ქვეყანაში ჰქონოდა თავისი შენობა საუკეთესო სამუშაო პირობებით.
ეს იყო თენგიზის ოცნება და როგორ სამწუხაროა რომ ის თვითონ ვერ მოესწრო ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვერ მოხდა ეს მის სიცოცხლეში.
დარწმუნებული ვარ ცენტრის, რომელიც უკვე თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს, სახელოვანი კოლექტივი ახალი შემართებით, ენერგიით, ინიციატივებითა და თანამედროვე მიდგომებით გააგრძელებს თენგიზის მიერ დამკვიდრებულ მაღალ სტანდარტებს ინფექციურ და რთულ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, გააგრძელებს მის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს, ყოველივე ახლის დანერგვასა და განვითარებას ინფექციურ დაავადებათა, შიდსის, ჰეპატიტების სამეცნიერო კვლევებსა და ახალ ინოვაციურ სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო მიდგომებში, რაც მუდამ თენგიზ ცერცვაძის ცხოვრების მრწამსი იყო და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ღირსეულად გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობისთვის“,- წერს ამირან გამყრელიძე.