„ევროპაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად სოფია ბაბლუანი დაინიშნა“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად ევროპაში სოფია ბაბლუანი დაინიშნა.
წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სოფია ბაბლუანი საქართველოს დელეგეაციის წევრი იქნება და ფესტივალზე თავის ახალ ამპლუაში წარმოადგენს კინოცენტრსა და ქართული კინოს ინტერესებს. კინოფესტივალი 2024 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.
სოფია ბაბლუანმა დაამთავრა პარიზის ხელოვნების აკადემია (Les beaux-Arts de Paris-Cergy), რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ბრიუსელის კინოსკოლაში (INSAS). პარიზში დაბრუნების შემდეგ მან კინოს სამყაროში თავი დაიმკვიდრა, როგორც სცენარისტმა და კინორეჟისორმა. მისი წარმატებული სარეჟისორო დებიუტი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რა გისურვო ბრძოლის წინ?“ ფილმი დაფინანსდა ბურგუნდიის კინოდეპარტამენტისა და ARTE France-ის ტელევიზიის მიერ და არაერთ ფესტივალზე გაიმარჯვა. ამის შემდეგ მან მალევე დაიწყო საქმიანობა საფრანგეთის კინოცენტრში, გახდა სცენარების დაფინანსების ჟიურის წევრი და შეითავსა კინოცენტრში სცენარის განვითარების მრჩევლის ფუნქციაც. ის განაგრძობს საქმიანობას, როგორც სცენარისტი, საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ.
სოფია ბაბლუანი არის საფრანგეთში კინოდიფუზიისა და დისტრიბუციის ასოციაცია ACID-ის წევრი. მისი ბოლო დოკუმენტური ფილმია „ფოფოდიას შვილები“, რომელიც პარიზის რეგიონის დეპარტამენტის მხარდაჭერით გადაიღო“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“და ჩრდილოეთ ამერიკაში გიგა აგლაძე დაინიშნა.
სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს სოფია ბაბლუანს თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: