რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა გალა დაჯილდოების ცერემონია.
წლევანდელ წელს პირველად დაწესდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, გამორჩეული სპორტის მოღვაწის, იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვის.
2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.
საუკეთესო ქალი სპორტსმენის ჯილდო იტალიელ ტყვიის მსროლელს, ჯესიკა როსის ერგო.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
🎥 „ღამის სიჩუმე გაფანტე“ - ძმები არველაძეების და მანიკა ასათიანის შესრულება სოცქსელს იპყრობს