Digest Logo

„ფერი ვიცვალოთ იესოსთვის, საქართველოსთვის, ერთმანეთისთვის, საერთო მომავლისთვის“ - გია მურღულია ფერისცვალების დღესასწაულზე

1787121466
გია მურღულია

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.  წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

აღნიშნულ საუფლო დღესასწაულს ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო ნააზრევით ეხმაურება:

„დღეს თაბორის მთაზე ღმერთი სამყაროს თავისი ნამდვილი სახით დაენახვება.

ნამდვილი?

დიახ, ნამდვილი - ღვთაებრივი სახით.

ეს სახე ყველას ერთ დაუოკებელ შეგრძნებასა და ფიქრს ჰგვრის - დადუმდეს, გავერსიტყვდეს, მოწიწებითა და თაყვანისცემით თავი დახაროს და სული მიუწვდომელს შეანათოს.

სამი მოწაფის თვალებით ხედავს სამყარო იესოს.

მის გვერდით დგანან მოსე და ელია - რჯული და წინასწარმეტყველება - თაბორის ნათელში ღვთის აღთქმის აღსრულებას რომ მოწმობენ.

სად წავიდა იესოს სითბო, სიყვარული, ზრუნვა და მფარველობა - ნუთუ ზებუნებრივ ამაღლებულობასა და ძალმოსილებაში ჩაიკარგა?

არა!

მისი თავმდაბლობა ანგელოზებსაც ანცვიფრებს - ისინი ხომ ამწუთასაც ნათლად ხედავენ, როგორ ბანს მაცხოვარი ფეხებს თავის მოწაფეებს.

არ არსებობს მის თავმდაბლობაზე მეტი სიმაღლე.
ხომ ასე გაბრწყინდა!

ხომ ასე გადააჭარბა ადამიანთა ყველაზე დიდ მოლოდინსა და წარმოსახვას!
ხომ ასე დიდებულად აამეტყველა დუმილი!

მაინც ყველასთვის ნათლად გამოჩნდა, რომ თაბორის მთაზე გამოჩენილი მისი ნამდვილი სახე ერთადერთი არ არის.

ჰეროდეს რომ ყრმა გადაურჩა, ისიც მისი ნამდვილი სახეა!

წყალი რომ ღვინოდ გადააქცია, ისიც მისი ნამდვილი სახეა!

ბრბოსგან განწირული ქალი რომ ჩაქოლვას გადაარჩინა, ისიც მისი ნამდვილი სახეა!

ბავშვებს რომ უღიმოდა, ისიც მისი ნამდვილი სახეა!

ჯვარზე რომ იტანჯებოდა, ისიც მისი ნამდვილი სახეა!

იესო ყოველი სახით უფალი, მხსნელი და მაცხოვარია.
დღეს ბრწყინავს თაბორის მთა.

ყოველ სხვა დღესაც!

დრო არ არსებობს იესოს ფერხთით.

ყოველი წამი საუკუნე და ყოველი საუკუნე წამია.

მარადისობაც წამია მისი მზერის წინაშე.

მის მიმართ ლოცულობენ, მისთვის გალობენ, მისთვის ასხივოსნებენ დუმილს, მისთვის უყვართ, მისთვის ცოცხლობენ და კვდებიან.

წამოდით, ავიდეთ თაბორის მთაზე.
ცა იქ ახლოა.

იქ ანგელოზთა ჩურჩული ისმის.

„..მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად“.

იქ მიწა მარტო არ არის.
არც ცა.
არც ადამიანი.
არც სიყვარული.
არც იმედი.

მეგობრებო, ქართველებო, გილოცავთ ფერისცვალებას!

ფერი ვიცვალოთ იესოსთვის, საქართველოსთვის, ერთმანეთისთვის, საერთო მომავლისთვის.

სამყაროში ერთადერთი სანთელიც რომ ენთოს, მის ალს იესოს სიტყვები გაეგონება.

ოცი საუკუნის წინ ფერისცვალებას მხოლოდ სამი მოკვდავი მოწაფე ხედავდა.

დღეს ყველა ვხედავთ.

გულს არ შეუძლია, რომ ბრმა იყოს“,- წერს გია მურღულია.