Digest Logo

„ფერისცვალება დადგა... ჩემი მთავარი დღესასწაული“- გიორგი კეკელიძე

1724049888
გიორგი კეკელიძე

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

აღნიშნულ საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ფერისცვალება მისი „მთავარი დღესასწაულია“. 

„ფერისცვალება დადგა. ჩემი მთავარი დღესასწაული.

განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია და სხვანი, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას. ეგრე მგონია და კიდევ ის, რომ გუშინდელი დღის არდაზუთხვით ვვითარდებით, უცხო გზაზე სიარულით და ხელახლა დაბადებით. მტკივნეული დაბადებით. იმ დაბადებით, როცა დაბადებულს ტკივა, რადგან თვითონვეა დამბადებელი. ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა. ამადაც გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. კი, ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების, უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ან გვაქვს და უკან მიდის.

ასე ვისწავლე და ყოველ ახალ დღეს წინანდლის მტრად ვაქცევ. დილით რომ სარკეში თავს ვუყურებ, საღამოს ანარეკლს ვაჯიბრებ. მაშინ რომ გზაზე ფეხი მიცდებოდა, ვცდილობ, ფეხსაცმელი გამოვიცვალო – გზას ვერ გამოცვლი, ადამიანების სამყარო პატარაა ამისთვის.

ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნისმოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ იმ მხარეს ვიყავი, რომელიც ახლა მეუარესება, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ამას გვკარნახობს ფერისცვალება. ცოცხლების დღესასწაული“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა აარიდოთ თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს კვირის დღეების სწორად დაგეგმვით

როგორ აღვნიშნოთ ფერისცვალების დღესასწაული - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს