Digest Logo

„გადავიდოდი ძველ საუკუნეებში და ვიქნებოდი ქალების უფლებების დამცველი, რევოლუციონერი“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

1752862235
თამო ვაშალომიძე

ყველა გოგო ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე, ბევრ ფულზე, ბრჭყვიალა კაბებზე, მოგზაურობაზე და არც თამო ვაშალომიძე ყოფილა გამონაკლისი. თუმცა, ერთ დღეს, ცნობილი კინოვარსკვლავების გვერდით, წითელ ხალიჩაზე თუ მოუწევდა გავლა, მილანში საკუთარ მაღაზიას გახსნიდა და უცხოური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაპატიჟებდნენ, ამაზე ფიქრს ნამდვილად ვერ გაბედავდა და არც კი იოცნებებდა. 

თამო ვაშალომიძე: ბევრ რამეზე მიოცნებია, მაგრამ თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ოდესღაც წითელ ხალიჩაზე გავივლიდი და უცხოურ ფილმში მივიღებდი მონაწილეობას. წინა წელსაც რომ გეთქვათ, მაშინაც ვერ დავუშვებდი, რომ ეს მოხდებოდა, არამც თუ ბავშვობაში მეფიქრა. სანამ სოფია გაჩნდებოდა და სანამ ბიზნესს წამოვიწყებდი, მქონდა ოცნებები, მაგრამ უფრო ფოტომოდელობის კუთხით. მინდოდა, უცხოეთში რაღაც გამეკეთებინა, როცა წლები გვემატება, ახალ-ახალ რაღაცებს ვეჯახებით. შემთხვევით მოვხვდი არა მარტო წითელ ხალიჩაზე, არამედ ფილმშიც. დიდხანს ვცდილობდი, უცხოეთის ფეშენ-ვიკებზე, მოდის კვირეულებზე, ქასთინგებზე მოხვედრას და 2013 წლიდან მეილებს ვაგზავნიდი, მაგრამ ყოველთვის უარყოფა იყო. თუმცა, არ ვარ ადამიანი, ერთ ან ორ არაზე დავნებდე. უნდა იყოს ცხოვრებაში არა, ეს სწორია, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. შარშან, იტალიაში, აჩვენეს ჩემი გვერდი – ვინ ვარ, რომ მაქვს ქართული ბრენდი და საინტერესო იქნებოდა, გამოვსულიყავი, დამამტკიცეს და მომცეს წითელ ხალიჩაზე გასვლის აკრედიტაცია. პირველად ვენეციის ფესტივალი იყო ის კარი, გასაღები, რაზეც რეალურად ვერც ვიოცნებებდი. სხვათა შორის, ამ დღეებში ვიყავი კახეთში. გავიარე ეზო, შევედი სახლში, მიმოვავლე თვალი, დავათვალიერე ძველი ფოტოები და ვფიქრობდი: ამ სახლიდან, ამ გოგოდან აქამდე როგორ მივაღწიე-მეთქი. დღეს როგორიც ვარ, დიდი გამოწვევაა ჩემთვის, ჩემს თავთან პასუხისმგებლობა გამიასმაგდა. წარმოიდგინეთ, თიხისგან რომ ქმნი რაღაცას და თავად რომ უნდა მისცე ფორმა, ასე არის ჩემი თავი უცხოეთში. აქ კი მიცნობენ, ჩემი შეცდომებით, განვლილი გზით, ასეთს თუ ისეთს, მაგრამ იქ ნულიდან ვიწყებ, პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ვაჩვენებ ჩვენს საზოგადოებას უცხოეთში. პრინციპში, თავიდან მიწევს იმ გზის გავლა, რაც საქართველოში გავიარე და სწორი ნაბიჯების გადადგმა. გამოცდილება მაქვს და ახლა უფრო გააზრებულად გადავდგამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვნერვიულობ. ფილმშიც უცნაურად მოვხვდი: მოდის კვირეულის სპონსორი „თამო სკინი“ იყო, რეჟისორი კი – სტუმრის სტატუსით მოწვეული. მოვეწონე და მართალია, პატარა კადრში ვჩანვარ, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა. ამ ფილმის გადაღებები რომიდან ერთი საათის სავალზე, მთაში მიმდინარეობდა და გადაღების დროს, ერთი საუკუნით უკან აღმოვჩნდი. ფილმის პრემიერა ოქტომბრის თვეში იგეგმება – რომის კინოფესტივალზე იქნება წარდგენილი, სადაც კიდევ ერთხელ მომიწევს ხალიჩაზე გავლა. წარმოიდგინეთ, პატარა სიტყვას ვამბობ ფილმში, მაგრამ ექვსი გოგოდან სამს რომ აქვს სიტყვა და მათ შორის – მე, ჩემთვის ესეც დიდ რამეს ნიშნავს.

– თამო, საქართველოში, რომელიმე რეჟისორი არ დაინტერესებულა შენით, არ შემოუთავაზებიათ ფილმში გადაღება?

– არა, საქართველოში არ გადავუღივარ ფილმში და უცხოეთში შემამჩნია ამერიკელმა რეჟისორმა (იცინის). რა თქმა უნდა, უცხოეთში პირველხარისხოვან და თუნდაც მეორეხარისხოვან როლს არავინ შემომთავაზებდა, მაგრამ ეს ეპიზოდური როლი ჩემი ოცნების ისეთი ახდენა იყო, ცხოვრებაში აღარაფერს გამოვრიცხავ. ახლა გიჟივით ვსწავლობ ინგლისურს და ბატონ ლევან წულაძის, ჭოლას, მასტერკლასებზეც დავდივარ. როცა უცხოურ ფილმში გადამიღეს, ჩემს თავთან მქონდა პრეტენზია – თუ მინდა, კიდევ გადამიღონ ფილმში, როლი მომცენ, ქასთინგები უნდა გავიარო და აუცილებლად განვვითარდე ამ კუთხით. გაგიმხელთ, რომ ძალიან მომწონს „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი სერიალი. ერთი სეზონი დასრულდა, მეორე დაიწყება, რასაც ველოდები და მინდა, იქაც გავიარო ქასთინგი. როცა ჩამოვედი, ბევრი ვიფიქრე, გადავწყვიტე, ჭოლასა და მისი მეუღლის თეატრალური მასტერკლასები დიდი კოზირია ჩემთვის და იქ გავივლი ერთთვიან კურსს-მეთქი. ძალიან რთულია, 2-3 საათია რეპეტიციები და თან სპექტაკლსაც ვდგამთ, რომელიც ამ თვის ბოლოს შედგება. იქ სიარულმა შინაგანი კომპლექსები მომიხსნა, საოცარი განტვირთვაა, ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ასე რომ, ივლისის ბოლოს პრემიერაზე სპექტაკლშიც მიხილავთ. სცენაზე რომ ვდგავარ, მთელ სამყაროს ვარ მოწყვეტილი. მე თუ მინდა, ჩემი თავი და ქვეყანა არ შევარცხვინო, სერიოზულად უნდა მივუდგე. ასეთი ხასიათი მაქვს – თუ რამეს ვაკეთებ, მაქსიმალურად უნდა მივიღო იმ სფეროში ცოდნა, ვისწავლო და ვიყო მზად. რა მსახიობი მე ვარ, მაგრამ ჩემს მენეჯერს ვეუბნები, თუ შემდგომში რაიმე როლი იქნება, ეცადეთ, არ იყოს ვულგარული. თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მინდა, უფრო სახასიათო და სადა როლები ვითამაშო.

– როგორი იყო, ერთი საუკუნით უკან დროში მოგზაურობა?

– სასწაული ემოცია იყო. იმ წლებში ქალები მონებად აღიქმებოდნენ, უუფლებოები, მათი ვალდებულება მხოლოდ შვილის გაჩენა, გაზრდა და ოჯახის მოვლა იყო. ასეთ დაჩაგრულ პერიოდს ეხებოდა სიუჟეტი, როცა ქალს, როგორც ნივთს ისე უყურებდნენ. ხანდახან მიფიქრია, რომ მქონდეს საშუალება, ძველ ან ახალ საუკუნეში გადავიდე, რომელში გადავალ-მეთქი და მივხვდი – გადავიდოდი ძველ საუკუნეებში და ვიქნებოდი ქალების უფლებების დამცველი, რევოლუციონერი თამო (იცინის). ახალი მიზანი დავისახე: მინდა, ჩემი ცხოვრება იყოს ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ცოტა მაინც გავაკეთო ქალებისთვის, სტიმული მივცე და მათი უფლებები დავიცვა.

არასოდეს ვყოფილვარ მებრძოლი გოგო, პირიქით. ცხოვრებამ გამხადა იძულებული, კარგი გაგებით, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც დღეს ვარ. ასე ვთქვათ, ცხოვრება ვისწავლე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეგრძნებებით ვერ ხარ ყველაზე ლამაზი, ამისთვის საჭიროა გამხნევება და წახალისება“ - ნუკი კოშკელიშვილი პიკანტურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „ჩემს საოცნებო საქართველოს მხოლოდ ამ გოგოს გვერდზე ვხედავ“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ცისკარიშვილი

🎥 „კაცი, რომელიც არასდროს იქორწინებს თქვენზე, ყოველ შემთხვევაში, დიდი დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი

წყარო: tbiliselebi.ge