ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა. იგი 76 წლის იყო.
ცერცვაძის მეუღლე, რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მის მეუღლეს 4 აგვისტოს დაკრძალავენ.
„გარდამეცვალა მეუღლე თენგიზ ცერცვაძე. პანაშვიდები 2 და 3 აგვისტოს, 5 სთ, სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანის ქ.) 20, მე-6 სად. მე-სარ.
დაკრძალვა 4 აგვისტოს (კვირას) 2 საათზე სიონის ტაძრიდან“,- წერს ანა თოფურია.
პანდემიის დროს თენგიზ ცერცვაძის მეუღლემ ანა თოფურიამ დებთან ერთად დაბა ქვიშხეთში მიწის ნაკვეთი იყიდა და იქ სახლი ააშენა. თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთ გადაცემაში სიამოვნებით იხსენებდა, როგორ დაიწყო მისი რომანი მეუღლესთან:
„ჩვენი ამბავი დაიწყო დიდი ხნის წინ, კლინიკაში. ანა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და მოხვდა იმავე კლინიკაში, იქ გავიცანით ერთმანეთი. მე თავიდანვე გულში ჩამივარდა, თვითონ არ ვიცი. ვცდილობდი, ხშირად შევხვედროდი და მეტი დრო გამეტარებინა მასთან. არ ყოფილა ტრაფარეტული ეპიზოდი, როდესაც ერთი მეორეს უტყდება სიყვარულში. თვითონ სიტუაციამ შექმნა ისეთი გარემო, რომ ამის თქმა ზედმეტი იყო“,- ამბობდა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი.
თენგიზ ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი