Digest Logo

„გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება“ - ბუდუ ზივზივაძე

1727009617
ბუდუ ზივზივაძე

„კარლსრუესთან“ საშინაო მატჩის წინ „მაგდებურგის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.

– უკვე წელიწად-ნახევარია გერმანიაში ცხოვრობთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ქვეყნისა და კლუბის შესახებ?

– თავიდან ქვეყანასთან და გუნდთან შეგუება მიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება. გარემო არის მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალი. ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი მშვენიერი დრო არცერთ ქვეყანაში არ გვქონია და ამიტომ გვიყვარს აქ ცხოვრება.

– ადრე გითამაშიათ საქართველოში, დანიასა და უნგრეთში. მეორე ბუნდესლიგა სხვა ლიგებისგან რით განსხვავდება?

– მეორე ბუნდესლიგა სრულიად განსხვავდება იმ ლიგებისგან, სადაც ადრე მითამაშია. მსგავსებას მხოლოდ დანიასთან ვპოულობ. ეს ეხება სისწრაფეებს, ინტენსივობას და ბრძოლას – ეს ის კომპონენტებია, რომლებიც მე-2 ბუნდესლიგას სახეს აყალიბებს. სტადიონები სულ სავსეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ხარისხისთვის. ნებისმიერს შეუძლია სხვა გუნდის დამარცხება, რაც ლიგას საინტერესოს ხდის.

– სამი თვის წინ საქართველოსთან ერთად გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეთ, სადაც თქვენი ქვეყანა პირველად მოხვდა. როგორ გაიხსენებთ ამ ზაფხულს?

– ძალიან კარგად. ჩემი ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და სიამაყის დიდი გრძნობა მქონდა. დიდი გამოცდილება შევიძინე და ძალიან მიხარია, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვარ. იმედი მაქვს, რომ საქართველო დიდ ტურნირებზე მომავალშიც გამოვა.

– სეზონის პირველ ორ გასვლით მატჩში ოთხი ქულის მოპოვება შეძელით. „მაგდებურგთან“ თამაშიდან რას ელოდებით?

– რთულ თამაშს ველოდები, რადგან კარგი გუნდია. ისიც გვახსოვს, რომ გუნდს სახლში ჯერ არ მოუგია, რაც ორმაგი მოტივაცია იქნება, გულშემატკივართა წინაშე პირველი სამი ქულა რომ დააგროვონ, მაგრამ ჩვენი მიზანიც ყველა თამაშის მოგებაა და არც ეს იქნება გამონაკლისი. ასე რომ, რთული შეხვედრა იქნება. თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ, მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.

– ფეხბურთის მოედნის მიღმა რისი კეთება მოგწონს?

– როცა დასვენების დღე მაქვს, დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მიყვარს. ხშირად ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს ან ჩემს ქალიშვილთან ერთად პარკში გასართობად დავდივარ“.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისის სასულიერო აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „რატო ვტირი?“ - თამუნა მუსერიძე ამჯერად ბიოლოგიურ ძმას შეხვდა

⭕შოთა არველაძე აიაქსისა და რეალის ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას - „მიხარია, რომ ვახსოვარ“

წყარო: 1tv.ge