Digest Logo

🎥 „ღმერთი არ არის „სასჯელების დამრიგებელი“ ან მკაცრი მსაჯული... იგი იმაზე მილიარდჯერ უფრო კეთილია, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს“ - დეკანოზი გიორგი წეროძე

1786618946
დეკანოზი გიორგი წეროძე

გიორგი ჯაფარიძის პოდკასტის მორიგ ეპიზოდში დეკანოზმა გიორგი წეროძემ სულის არსზე, სიკვდილის ფენომენსა და ქრისტიანულ პერსპექტივაზე ისაუბრა. სასულიერო პირმა მკაფიოდ გამიჯნა პლატონური წარმოდგენები ბუნებით უკვდავ სულზე და ბიბლიური, ქრისტიანული სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

მისი განცხადებით, გავრცელებული შეხედულება, თითქოს ადამიანს აქვს სხეულისგან დამოუკიდებელი, ავტონომიურად უკვდავი სული, უფრო პლატონური ფილოსოფიის ნაწილია, ვიდრე ქრისტიანული.

„ჩვენი სული, ეს არის მეხსიერება, ხასიათი, პიროვნული ბირთვი და თვითშეგნება, რომელიც საკუთარ თავთან ტოლობას გვიდასტურებს. ამ ყველაფერს ემსახურება ტვინი და ნეირონული კავშირები. დემენციის ან ტრავმების დროს ვხედავთ, რომ ტვინის დაზიანებით პიროვნებაც უძლურდება. მეცნიერება და ბიოლოგია აქ ქრისტიანობის მოკავშირეა, ის გვიჩვენებს, რომ სიკვდილი რეალური, გადაულახავი მუქარაა ადამიანისთვის და სული თავისთავად, სხეულისგან განცალკევებით უკვდავი არ არის“, - აღნიშნა დეკანოზმა.

დეკანოზ გიორგი წეროძის თქმით, ქრისტიანული რწმენის ცენტრში დგას არა სულის ავტონომიური უკვდავება, არამედ ღვთის ერთგულება და მკვდრეთით აღდგომა:

„ქრისტიანული იმედი ის კი არ არის, რომ ჩვენში რაღაც თავისთავად უკვდავი რჩება, არამედ ის, რომ ღმერთს არავინ და არაფერი დაეკარგება. ღვთის ხსოვნა არის სიცოცხლეში ჩართულობა. აღდგომა ნიშნავს მთლიანი ადამიანის, ახალ განზომილებაში, ახალ ცასა და ახალ მიწაზე ტრანსფორმაციასა და აღდგენას“.

დეკანოზის თქმით, მკვდრეთით აღდგომა არის იმდენად მასშტაბური ღვთაებრივი აქტი და ტრანსფორმაცია, რომ ადამიანებს შორის არსებული ისტორიული თუ გამოცდილებითი დელტა, სხვაობა აზრს კარგავს.

„მცირეწლოვან ჩვილს ან გონებრივი შეზღუდვის მქონე ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ისტორიული გამოცდილება, მაგრამ ღმერთის გადმოსახედიდან ის უკვე ჩანს იმ საბოლოო სურათში, სადაც მთავარი პიროვნებებს შორის ურთიერთობაა. ის ახალი ცხოვრება, რომელიც ქრისტეში განხორციელდა, ღვთის საჩუქარია და არა ადამიანის ევოლუციური მიღწევა. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვინ რას მიაღწია ამ ქვეყნად, არამედ იმას, რომ ღმერთი ხედავს პიროვნებას მთლიანობაში“, - განმარტავს სასულიერო პირი.

კითხვაზე, თუკი საბოლოო აღდგომა ღვთის საჩუქარია, მაშინ რა ფასი აქვს დედამიწაზე განვლილ გზას, დეკანოზმა აღნიშნა, რომ ბიბლიური ხედვით მომავალი განსაზღვრავს აწმყოს:

„ჩვეულებრივი ხაზოვანი აზროვნებით აწმყო წარსულის შობილია და შობს მომავალს. ქრისტიანული ხედვა კი საპირისპიროა: მომავალი, სასუფეველი, რისთვისაც შეიქმნა სამყარო ეგ განსაზღვრავს წარსულს და აძლევს რეალურობასა და სიცოცხლეს აწმყოს. ამქვეყნიური ცხოვრება არის შანსი, რომ ადამიანმა მეტი ზეციური ჟანგბადი ჩამოიტანოს აქ, მეტი სიყვარულით, თავისუფლებითა და სიკეთით. ჩვენ ხშირად არ გვესმის, რამდენად კეთილია ღმერთი. იგი იმაზე მილიარდჯერ კეთილია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მკვდრეთით აღდგომა და ახალი სიცოცხლე იქნება იმდენად დიდი საჩუქარი, რომ სავარაუდოდ, თითქმის ყველა იტყვის მასზე დასტურს „ჰოს“. მხოლოდ უაღრესად ჯიუტი და ბოროტებაზე ჩაბღაუჭებული ადამიანი იტყვის უარს, რადგან ღმერთი იძულებით არავის ცხონებას არ მოახდენს და ადამიანის თავისუფალ ნებას პატივს სცემს“,- აღნიშნა დეკანოზმა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: