Digest Logo

„ღრმად გვწამს, რომ ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში და ილია მეორე თავისი ლოცვით შეგვეწევა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“ - მეუფე შიო

1777118040
მეუფე შიო

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, წირვა და პანაშვიდი აღასრულა.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა, განვლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის, ილია მეორის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე – ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად.

„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან. ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40-დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. ჩვენც ამ 40 დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა ამ პერიოდში.

ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე – ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოღვიძება და აღმავლობაც.

უფალმა ჩვენ გვანახა პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად, უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც საუბრობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე“.

შეიძლება, ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში და მის უნეტარესობაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე, მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისა და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი, ნაყოფი იყო და არის ის, რაც ვიხილეთ – ქართველი ხალხის პასუხი მის სიყვარულზე.

დღემდე არ წყდება ნაკადი მის უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს, გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა, მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული ეფინებოდა ყველას, განურჩევლად ასაკი და სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა.

ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე. შეიძლება, თითქოს, ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას, დაბნეულ სამწყსოს შეიძლება, გვეფიქრა, რა გვეშველება მის გარეშე, მაგრამ, როგორც მისი გარდაცვალების დღეებში დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, უფლის მადლით, მისი უწმინდესობის მადლით, ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით. დღეს, როგორც არასდროს, ისე ძალუმად გვესმის უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება და ვისაც მე ვრწმენე, ის, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს, ის არ მოკვდება უკუნისამდე.“ წმინდა წერილი როგორც გვასწავლის, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა გამოირჩეოდა.

ძნელია ჩემთვის დღეს საუბარი თქვენ წინაშე და მინდა, თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი, რომ ასეთ ურთულეს ათწლეულებში, მოგვივლინა ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი. დიდება და მადლობა უფალს, დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი წყალობისა და მფარველობისთვის, მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ილია მეორეს თავისი დიდებული ღვალწლისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.