Digest Logo

გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანს

1749110145
 გიორგი ლორია

დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანს.

გიორგიმ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად „დინამო არენაზე“ ფარერებთან გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„17 წელია საქართველოს ნაკრებში ვარ, რაც იყო როგორც რთული, ასევე საამაყო. ჩავატარებ ჩემთვის უკანასკნელ თამაშს.

ეს გზა გავიარე სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდში იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს, ჩემს თანაგუნდელებს, ექიმებს, „სტაფის“ წევრებს, ვისთანაც მითამაშია, რა თქმა უნდა განსაკუთრებით გულშემატკივრებს.

ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით… მადლობა საქართველო!”, - ამბობს გიორგი ლორია.

გიორგი ლორია 1986 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა. 17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, რომლის მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა. ლორიამ საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში ითამაშა.

„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, 2014 წლის ივლისში კარიერა ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო. შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა. გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მახაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.

2019 წლის ზაფხულში კვიპროსის „ანორთოსისში“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გუნდის პირველი მეკარე იყო. 2023 წლის ივნისში ლორია „დინამოს“ დაუბრუნდა და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტანია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა ითამაშა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 78 შეხვედრაში მოირგო – იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალგაზრდობაში ვიყავი მუსიკოსი და როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ყველაზე კარგად ნერვებზე ვუკრავდი“ - მიხეილ ცაგარელი

⭕11 ივნისს მშვილდოსნის ნიშანში „მარწყვის მთვარეა“ - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რისი გაკეთებაა ამ დღეს რეკომენდებული

⭕„ქალი კარგი კაცის ხელში ასე ბრწყინავს“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში საყვარელ კაცთან ერთად ისვენებს