Digest Logo

🎥 „გლოვა არ არის პრობლემა, რომლის „მოგვარებაც“ ხდება“ - ახალი კვლევები ადამიანური დანაკარგის ტკივილზე

1793780044
მინდია გაბიჩვაძე

როგორ უნდა ელაპარაკო აუდიტორიას ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თემაზე ისე, რომ ის უბრალოდ თეორიულ ცნებად არ დარჩეს? - ცნობილმა კლინიკურმა ფსიქოლოგმა მინდია გაბიჩვაძემ თავისი პირველი პოდკასტი სწორედ ამ გამოწვევას დაუთმო და მსმენელს საკუთარი ოჯახური ტრაგედია, მსოფლიო კვლევები და გლოვის რეალური, ადამიანური სახე გაუზიარა.

პოდკასტის მთავარი ლაიტმოტივი და ფოკუსი სწორედ გლოვას, მის ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ მხარეებსა და საზოგადოების როლს დაეთმო.

გაბიჩვაძე აღნიშნავს, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, გლოვაზე თეორიულად ბევრი იცოდა და სხვებთანაც არაერთხელ უმუშავია ამ თემაზე. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოჯახს შემოვარდა ტრაგედია - გარდაიცვალა მისი დიშვილი, ლაზარე.

„რამდენიმე თვის წინ, როცა ჩემი დიშვილი ლაზარე გარდაიცვალა, ამ გლოვამ თეორიის საზღვარი გადალახა... ეს იყო შოკისმომკვრელი, აუტანელი და არარეალური. მაშინ მივხვდი, რამდენი ადამიანია საქართველოში და მსოფლიოში, ვინც ჩუმად იტანჯება და ფიქრობს, რომ სუსტია“,- იხსენებს კლინიკური ფსიქოლოგი.

პოდკასტში ყურადღება დაეთმო გლობალურ კვლევებს გლოვის შესახებ, თუ რა რეაქცია აქვს ორგანიზმსა და ნერვულ სისტემას ძლიერ დანაკარგზე:

„გლოვა მხოლოდ სევდა არ არის. ის მოიცავს შოკს, სიცარიელეს, ბრაზს, დანაშაულის გრძნობასა და დაბნეულობას. ხშირად ადამიანი „გაყინულია“ და თითქოს არაფერს გრძნობდეს, ეს ნერვული სისტემის დამცავი მექანიზმია, რომელიც გადარჩენას ცდილობს. 2023 წლის კვლევებზე დაყრდნობით აღინიშნა, რომ გლოვა მხოლოდ ტვინის პროცესი არ არის. ის ასუსტებს იმუნურ სისტემას, არღვევს ძილსა და მადას, ცვლის კორტიზოლის დონეს და ხშირად ფიზიკურ დაავადებებსაც იწვევს. გლოვა არ არის ხაზოვანი ეტაპები, რომლებსაც თანმიმდევრულად გადიხარ. ეს არის ტალღები, რომლებიც შეიძლება თვეების ან წლების შემდეგაც განმეორდეს და რომელთა დროსაც ადამიანი მუდმივად მოძრაობს ტკივილსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საქართველოში არსებული ტრადიციები მეცხრე დღე, ორმოცი, წლის თავი, გლოვის გამოხატვის ფორმები განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. თუმცა, არსებობს ზღვარი ჯანსაღ პროცესსა და ე.წ. გახანგრძლივებულ გლოვის აშლილობას შორის, რომელიც უკვე ოფიციალურ დიაგნოზს წარმოადგენს. განსაკუთრებით მაღალია ამ მდგომარეობის რისკი მაშინ, როდესაც დანაკარგს არაჩვეულებრივი, მოულოდნელი ან ძალადობრივი ხასიათი აქვს. ასეთ დროს პროფესიონალური დახმარება და ფსიქოთერაპია გადამწყვეტია“,- ამბობს მინდია გაბიჩვაძე.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს? - პოდკასტში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც გლოვის ინტეგრაციასა და გადატანაში გვეხმარება:

„ემოციების სიტყვებში გადატანა და საუბარი საუკეთესოა, დუმილი და ჩახშობა ზრდის რისკებს. თავისუფალი საუბარი ტკივილს ვერ აუქმებს, მაგრამ ამცირებს იზოლაციას და ნერვულ სისტემას რეგულაციაში ეხმარება.
 არ უნდა ვცადოთ სხვების ან საკუთარი თავის დაკრძალვა წესებით „შავი როდის უნდა გაიხადო?“, „რატომ გრძნობ ამას ამდენი ხნის შემდეგ?“. ემოციები ბრძანებას არ ემორჩილება. ტვინს სჭირდება დრო და სიმბოლური მოქმედებები რეალობის მისაღებად. გარშემომყოფებს ხშირად ეშინიათ არასწორი სიტყვების თქმის და სოციალურად იზოლირდებიან. რეალურად, იდეალური ფრაზები არ არსებობს - მთავარია მესიჯი: „ძალიან მძიმეა და მტკივა, არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ იცოდე, რომ შენს გვერდზე ვარ“. გლოვა არ არის პრობლემა, რომელიც უნდა გადავჭრათ ან გადავაგდოთ. გლოვა არის სიცოცხლის და სიყვარულის გაგრძელება დანაკარგის შემდეგ... გლოვა ადამიანია და ადამიანური გამოცდილება დუმილს არ იმსახურებს“, - ამბობს მინდია გაბიჩვაძე.

წყარო, მინდია გაბიჩვაძის იუთუბ-პოდკასტი. მეტის გასაგებად ეწვიეთ მის არხს:

✕