Digest Logo

გორის „დილა“ სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, ჯაბა კანკავას წითელი ბარათი გაუუქმოს

1748519023
ჯაბა კანკავა

გორის „დილა“ სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, ფეხბურთელ ჯაბა კანკავას წითელი ბარათი გაუუქმოს. ამის შესახებ გორის „დილა“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომელიც კლუბის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

„უპირობო პატივისცემა ჯაბა კანკავას მიმართ ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის. ასევე პატივისცემა „დინამო თბილისის“ ყველა ფეხბურთელს. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ სადისციპლინო კომიტეტს ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე.

იდენტიფიცირებულია ინციდენტში მონაწილე პირები. მატჩის შემდეგ მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას დროული რეაგირებისთვის და მაღალი რისკის თავიდან აცილებისთვის.

თამაშის დასრულების შემდეგ „დინამოს“ სრული შემადგენლობა მივიდა კონფლიქტის ტრიბუნასთან, საიდანაც აპლოდისმენტები და პატივისცემა მიიღეს, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის სწორი ფასეულობების ქონას“, - აღნიშნულია გორის „დილას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, გუშინ, 28 მაისს, გორის სტადიონზე, ფეხბურთის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მყოფ ადამიანმა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა, ნაკრების წევრს, ყოფილ კაპიტანს ჯაბა კანკავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დედა შეაგინა, რასაც საპასუხოდ ფეხბურთელების გაღიზიანება მოჰყვა.

თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, მსაჯმა კი კანკავას წითელი ბარათი დაუწერა.