ცნობილი ქართველი რეჟისორი, რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის ახალ დადგმასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს. რეჟისორი ოპონენტებს უმეცრებაში სდებს ბრალს და მათ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის არცოდნას საყვედურობს.
მისი თქმით, კრიტიკოსებს, მათ შორის „წესიერ ქალწულებად“ შერაცხილ პოლიტიკოს ქალებს, გამორჩათ რუსთაველის ის სტრიქონი, რომელიც მის სპექტაკლში გამომწვევად მიჩნეულ სცენებს განმარტავს.
„ასეც ვიცოდი - ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, „ვეფხისტყაოსანი“ არ წაუკითხავთ!
გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებო ნაცებო, ყველა იმ დიდ ქართველ გენიოსს, მიწაში რომ დებენ ბოღმით ამომხმარნი!!!
იმათაც გამორჩათ (ისევე როგორც ძალიან წესიერ „ქალწულებს“ დაავიწყდათ), დიდი რუსთაველის სტრიქონი - შესაძლოა, ქართულს კარგად არ ფლობენ!
როცა ავთანდილი თინათინმა იხმო: „გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!“ აკაკიმ თქვა: ათას ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული „ვეფხისტყაოსანიო“! დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ „მარკიზ დე სადის“ მონაწილეები და ძალზე „წესიერი“, უშვერ სიტყვათა ოსტატი, ქალწულისმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ, ალბათ!).
ვხსნი: „თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად“, 127-ე სტროფი, პირველი სტრიქონი.
ნოდარ ნათაძის კომენტარი: „გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!“
გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ სარეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!“,- წერს რობერტ სტურუა.
ცნობისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ პერსონაჟები ვულგარულები იყვნენ და მათ საერთო არაფერი აქვთ პოემის გმირებთან. ნაწილი კი აღფრთოვანებით შეხვდა სპექტაკლის სიუჟეტს.



