ორსული ანასტასია ბენდუქიძე თავის იუმორზე, მეგრულ ფესვებზე, „საპანაშვიდო სახლის“ ბიზნესიდეასა და პრინცესული ოცნებებისა და ყოველდღიური რეალობის კონტრასტზე პოდკასტში „ესეც ასე“ გულახდილად საუბრობს.
როდესაც სცენაზე ან ეკრანზე უსმენ, გგონია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ზედმიწევნით ზღაპრული და მარტივია. თუმცა, ანასტასია ბენდუქიძის ახალი, გამორჩეულად ხალისიანი და თვითირონიული ინტერვიუ სრულიად სხვა რეალობას გვაჩვენებს.
მომავალი დედა, რომელიც მეცხრე თვეშია და იუმორით უყურებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ ენატრება ორსულობაში საუნა და ხამაწყები, რატომ უნდა „საპანაშვიდო სახლის“ გახსნა და როგორ უწევს პრინცესული გეგმების ნაცვლად მანქანის პაკრიშკებთან და უნიტაზის ბაჩოკებთან ბრძოლა.
ინტერვიუს დასაწყისშივე ანასტასიამ წამყვანის კითხვას იუმორით უპასუხა. როგორც აღმოჩნდა, მეცხრე თვეში მყოფი ორსულისთვის ყოველდღიურობა სავსეა პატარა გამოწვევებითა და ძალიან კონკრეტული სურვილებით:
„ორსულობის დროს ყველაზე მეტად ხამაწყები და საუნა მენატრება... ამიტომაც ვიმშობიარე წყალში!“,- ამბობს ის სიცილით.
მან ასევე გაიხსენა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილის დათმობის სახალისო ეპიზოდი და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ადამიანების ზედმეტი ყურადღება და ზრუნვა საკმაოდ დამღლელია.
ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალისო მონაკვეთი მის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო რუტინას შეეხო. ანასტასიამ გულახდილად აღიარა, რომ მისი ცხოვრება შორს არის სტერეოტიპული წარმოდგენებისგან:
„ბორშებს ვაკეთებ ხოლმე, აჯაფსანდალს ვაკეთებ. თუკი რამე ავარია მოხდა სახლში და უნიტაზის ბაჩოკია გამოსაცვლელი, მაგასაც მე ვცვლი. არის ხოლმე, რომ მანქანის პაკრიშკებსაც მე ვეწვალები ვირის მუშასავით. ეჰ, არადა პრინცესობას ვაპირებდი და ახლაც მაზუთი მისვია ხელზე, ხან კიდევ ბალღის დორბლები... იქით კიდევ იმოდენა უნივერსიტეტები მაქვს სამართავი ტრაილერის მძღოლივით და ვარ ასე ენაგადმაგდებული!“,- ჰყვება ანასტასია ბენდუქიძე.
ანასტასიამ ინტერვიუს დასასრულს განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი, შექმნას განსაკუთრებული ესთეტიკის საპანაშვიდო სივრცე, სადაც ადამიანები მძიმე ემოციებთან ერთად სიმშვიდესა და ლამაზ გარემოს იპოვიან. მიუხედავად იმისა, რომ DNA ტესტმა აჩვენა, რომ მეგრული სისხლი 0%-ია, ის თავს მაინც მეგრელად გრძნობს და იუმორით აღნიშნავს მეგრული გლოვის ტრადიციებისადმი მის განსაკუთრებულ სიმპათიას.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: