Digest Logo

„გვითხრეს, გიჟები არ ხართ, გადასარევად იქნებით ამერიკაში და ისევ თბილისში გარბიხართო?“ - რას იხსენებს ნუგზარ კვაშალი

1760788338
ნუგზარ კვაშალი

20 სექტემბერს ყველასთვის საყვარელ მომღერალს, ნუგზარ კვაშალს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

აღნიშნულის შესახებ მომღერალი „თბილისელებს“ ესაუბრა და საკუთარი ემოციები გაუზიარა:

ნუგზარ კვაშალი: როცა ამის შესახებ გავიგე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თბილისს უკავშირდება და ჩემი ქალაქის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. პირველად ამერიკაში რომ წავედი, თბილისში მინდოდა გამოქცევა. გვითხრეს, გიჟები არ ხართ, გადასარევად იქნებით ამერიკაში და ისევ თბილისში გარბიხართო?! ეს არის დიდი სიყვარული, შეიძლება, ცოტა ავადმყოფობაც და ნოსტალგია, რასაც ჩემი ქალაქის მიმართ ვგრძნობ.

რომ გავაცნობიერე, იმ ადამიანებს შორის ვიქნები, ვინც საპატიო თბილისელის ტიტულს ატარებს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩემ გვერდით იყვნენ ჩემი უსაყვარლესი მანანა თოდაძე, რომან რცხილაძე, დათო ევგენიძე, თეატრალები, მეცნიერები, აკადემიკოსები და ასე შემდეგ და საოცრად ვამაყობდი ამ სიხარულის ასეთ ადამიანებთან ერთად გაზიარებით. ეს პატივიც არ არის, რაღაც სხვა გრძნობაა – ეს დიდი სიყვარულია. ასეთ დროს ყველაფერს აანალიზებ და ფიქრობ, ალბათ, მართლა რაღაც გაგიკეთებია შენი ქალაქისთვის, რომ ასეთი დიდი პატივი მიიღე. მერე ერთმანეთში ვხუმრობდით, რა გვჭირს ამდენი საპატიებელი, საპატიო მოქალაქეები რომ გავხდითო (იცინის). რეალურად, ეს არის ღირსეული სიყვარულის გამოვლინება საკუთარი ქალაქისგან, რაც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

გაჟღერდა, სულ სამასი კაცია დაჯილდოებული საპატიო თბილისელის ტიტულითო. ავდექი და დავთვალე – 422 კაცია ჩვენი ჩათვლით. წარმოიდგინეთ ამ რაოდენობაში რომ მოხვდები, უდიდესი ლეგენდების გვერდით, რა შეგრძნებაა?! მე 115 კილოგრამი ვარ, მაგრამ დავფრინავდი სიხარულისგან. ცოტა ქარიც უბერავდა და მეგონა, ფოთოლივით გადამაფრიალებდა სადმე (იცინის).

– ალბათ, ბევრი მილოცვა მიიღეთ...

– ტელეფონი გამისკდა. ვეღარ უძლებს ზარებს, მოლოცვებს. ვგრძნობ, რომ გულით მილოცავენ ახლობლები თუ შორებლები. მეც არ დავღლილვარ მადლობების თქმით, ბედნიერი ვარ, რომ ასე იზიარებენ ჩემს სიხარულს. ყველა მეუბნება, შენ აქამდეც უნდა ყოფილიყავი თბილისის საპატიო მოქალაქეო და ამას რომ გეუბნებიან, ესე იგი, სამართლიანად მიიღე ეს სიყვარული.

ჩემი კოლეგები ვახო ტატიშვილი, თემურ წიკლაური, ჯემალ ბაღაშვილი და ასე შემდეგ, მოკლედ, მთელი „ივერია“ საპატიო მოქალაქეები ვართ და თავისუფლად შეგვიძლია დავირქვათ, „თბილისის საპატიო მოქალაქეთა ანსამბლი ივერია“ (იცინის). ასე რომ, ბევრ რამეს ვაპატიებთ ერთმანეთს (იცინის).

– რას ნიშნავს თბილისი თქვენთვის?

– თბილისის რამდენიმე უბანში ვიცხოვრე. რუსთაველზე გატარებული პირველი ორი წელი არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი... მერე ვერაზე გადავედით, სადაც ფანტასტიკური ეზო და არაჩვეულებრივი ბაღი გვქონდა. ჩვენ მწვანილის საყიდლად ბაზარში არ მივდიოდით. მეზობელს გადავძახებდით: ძია გიორგი, ტარხუნა მოგვიწყვიტე, ხახვი გვინდა... ისიც ჩავიდოდა და მოგვიწყვეტდა. ზღაპრული სამეზობლო გვყავდა. მერე საბურთალოზე ვცხოვრობდი, იქაც გადასარევი ადამიანები იყვნენ ჩვენ გარშემო. ახლა ვაკეში ვარ. სადაც არ უნდა ვიცხოვრო, თბილისი ჩემთვის თბილისია. გაიზარდა, გაიწელა, შენობები მომრავლდა, იმდენი მანქანა დადის, ქუჩაში ვეღარ გაივლი და რა ამბავიაო, წუხს ბევრი. ჩემს ბავშვობაში, პერსოვკაიას ქუჩაზე რომ ვცხოვრობდი, ფეხბურთს ათ საათამდე ისე ვთამაშობდით, ერთხელ ვჩერდებოდით მანქანის გავლის გამო. კარგია, რომ იმ დროს თბილად ვიხსენებთ, მაგრამ როგორ შეიძლება, ახლაც ასე იყოს? ოცდამეერთე საუკუნეა, ყველას მანქანები ჰყავს, ეს უკვე ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა და რა თქმა უნდა, ბევრი იმოძრავებს ქალაქში. იტალიური ეზოებიც ძალიან დიდი ბედნიერება იყო, მეზობლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა სულ სხვა დროა და ეს დიდი კორპუსებიც საჭიროა. ასე რომ, როგორი ცვლილებებიც არ უნდა იყოს, თბილისი მაინც თბილისად დარჩება. ხომ ხედავთ, ყველას თბილისში უნდა, რადგან გრძნობენ, რომ ეს სიყვარულის ქალაქია. რა თქმა უნდა, ღალატიც არის, ჩხუბიც, ბოროტებაც, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სიყვარულისა და სილამაზის ქალაქია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შორენა ბეგაშვილი ფორტე დე მარმის სანაპიროს სილამაზით ტკბება - „სასწაული გოგო ხარ შენ“

თიკა ფაცაცია 44 წლის გახდა - „მინდა, სულ ბრწყინავდე, ალამაზებდე ქართულ შოუბიზნესს“

„მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და სტრატეგიის შექმნა მომდევნო ცხრა დღისთვის“ - 18 ოქტომბერი ენერგეტიკულად ძლიერი დღეა

წყარო: tbiliselebi.ge