„ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ ქვეყანაში ვურისის პიკი უკვე იყო.
როგორც მან აღნიშნა, მიმართვიანობის კუთხით, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია.
„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია და შემთხვევათა უმრავლესობა გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფიცირებაა. თუ კონკრეტულად ამ ვირუსის ტიპებს შევეხებით, აქაც გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის – H3N2-ის უპირატესობა და თუ ჯამურ ციფრს გადავხედავთ, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი. ანუ ჰონკონგის ვირუსი ფაქტობრივად ხდება წამყვანი, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და შედარებით მცირეა H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც ღორის გრიპის სახელითაა ცნობილი.
52 კვირის მონაცემებით თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულების რაოდენობა ჯერჯერობით პიკს არ წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში ამბულატორიული მიმართვიანობის თვალსაზრისით. ანუ დღეისათვის თქმა იმისი რომ ქვეყანაში პიკი იყო ადრეა და ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება იანვრის პირველი და მეორე კვირის მონაცემები. თუ შევადარებთ წლევანდელ მონაცემებს შარშანდელ პერიოდს, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის უფრო მაღალი.
ჯერ, ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად არის H3N2 ტიპის ვირუსი. ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია“ , - აცხადებს ჩხაიძე.
მან, ასევე, ისაუბრა ჰონკონგის ვირუსის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ იგი საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით რისკჯგუფებისთვის.
„მიმდინარეობა არის იგივე რაც ახასიათებს სტანდარტულად გრიპს.
ესენია: 👇
✔️ მაღალი ტემპერატურა
✔️ განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 3-4 დღის განმავლობაში, რაც ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევს პრეპარატებს
✔️ ახლავს ძლიერი ყელის ტკივილი
✔️ თავის ტკივილი
✔️ სახსრების და კუნთების ტკივილი
✔️ ხველა
აღსანიშნავია, რომ ჰონკონგის ვირუსს არ ახასიათებს ცემინება და ცხვრიდან გამონადენი. ბავშვებში ჩამოთვლილ სიმპტომებს ძილის დარღვევა, მადის მკვეთრი დაქვეითება და ნაწლავთა ხშირი მოქმედებაც შეიძლება ახლდეს თან. ამიტომ მიმდინარეობა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის გართულებების მაღალი ალბათობა, რისკის ჯგუფებია: 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს ზემოთ მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ორსულები“, - დასძინა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.