„პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ავრცელებენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს იდენტიფიცირებული პირების დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით:
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც ასახულია წყვილის სექსუალური ქმედება, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.