რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით და რამდენად სწორად მივყვებით ცხოვრების ჯანსაღ წესს? ამ კითხვას ხშირად ვსვამთ, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ აფასებენ ქართულ კულინარიულ ტრადიციებსა და ყოველდღიურ ჩვევებს უცხოელი სტუმრები.
ინდოელი, აიურვედას ექსპერტი არუნ ხათრი გულახდილად საუბრობს იმ კულტურულ შოკსა და თავისებურებებზე, რომლებიც მან საქართველოში ყოფნისას აღმოაჩინა - დაწყებული რესტორნების დაუსრულებელი რიტმით, დამთავრებული ცხელი კერძებისთვის ცივი წყლის მიყოლებით.
როგორც არუნ ხათრი აღნიშნავს, ქართველები გემოსა და კარგად ჭამის მოყვარული ხალხია, სადაც კვებას მკაცრი საათები და ჩარჩოები არ აქვს.
„გემოს მოყვარული ხალხი ხართ, ჭამის წესებს დიდად არ იცავთ. თავიდან ძალიან მიკვირდა, თქვენს რესტორნებში ხალხს დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ ვხედავდი. ინდოეთში მხოლოდ საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის განკუთვნილ საათებში ვჭამთ, აქ ჭამის დრო არ არსებობს. ჭამის დროს წყალს სვამენ, ცხელ საჭმელს ცივ წყალს აყოლებენ, არადა, ასეთი შოკებისთვის ჩვენი ორგანიზმი მზად არ არის. პროფესიით ექიმი არ ვარ, აიურვედის ექსპერტი ვარ, თუმცა ინდოეთში ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. არც საქართველოში ვაპირებდი. ისე გადავიღე რამდენიმე ვიდეო, ვიფიქრე, სასარგებლო რჩევებს მივცემ ხალხს-მეთქი, მაგრამ ისეთი დიდი ინტერესი გამოხატეს, გადავწყვიტე, დღეში 10-15 წუთი ამ საქმისთვის დამეთმო. რატომაც არა?! სიამოვნებით გავაზიარებ ჩემს ცოდნას ქვეყანაში, სადაც ჩემი შვილებიც ცხოვრობენ. ჩემი გოგონები ინდოეთში დაიბადნენ, მაგრამ 6 თვის იყვნენ, აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად. მეც აქ ვაპირებ დაბერებას“, - აღნიშნავს არუნ ხათრი.