Digest Logo

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, აქტიურად შემოდიან კონტაქტში

1795254294
ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი

„დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ბარაბაძემ.

მისი ინფორმაციით, 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

„11 წლის ვაჟის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული იყო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პაციენტი სიმძიმის მიხედვით მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. დღეის მდგომარეობით, ჩატარებული ანალიზების, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებით, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

მეორე პაციენტის - 3 წლის თაიას მდგომარეობა შემოსვლისას შეფასდა ნაკლებად მძიმედ. არ საჭიროებდა რეანიმაციულ თერაპიაში, რეანიმაციულ დეპარტამენტში მკურნალობის გაგრძელებას, ამიტომ მოთავსდა პედიატრიული განყოფილების პედიატრიულ პალატაში. შემოსვლისას ყურადღებას იქცევდა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება, მასთან ასოცირებული ლაბორატორიული დარღვევები. აქაც თავიდანვე მუშაობა დაიწყო ექიმთა მრავალპროფილურმა გუნდმა, მათ შორის, ჩართული იყო ფსიქოლოგიც.

დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი. ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, აქტიურად შემოდიან კონტაქტში, თამაშობს, ადეკვატურად იძლევა პასუხს დასმულ შეკითხვებზე.

გაწერის საკითხს გადაწყვეტს ასევე ექიმთა მულტიპროფილური გუნდი. შეფასდება ყველა მონაცემი, ბავშვის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გაწერის შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება ბინაზე მეთვალყურეობის გაწევა“, - განაცხადა ქეთი ბარაბაძემ.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორია ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

⭕„გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“ - ნუცა ბუზალაძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

⭕ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

✕